საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№516აპ-19 ქ. თბილისი
ბ-ი ლ-ნ, 516აპ-19 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ მისაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენით ლ. ბ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ბ-მა ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ლ. ბ-ი მუშაობდა მუშად ქ. თ-ში, გ-ის ქ. №--ში მდებარე შპს „პ-ის“ საწყობში. აღნიშნული შპს აწარმოებდა სამშენებლო საღებავებს. 2015 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:10 საათზე, ლ. ბ-ი პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული საღებავების გამხსნელებს ფუთავდა გაზის ბალონის გამოყენებით, კუსტარულად დამზადებული ცეცხლისმფრქვევი მცირე ზომის ხელსაწყოთი, რა დროსაც საწყობში არსებულმა ორგანული წარმოშობის ადვილად აალებადმა ნივთიერებებმა, რომლებიც შეიცავდა აცეტონს, ბელზოლს, ტოლუპოლს, ქსილოლებსა და ალკანებს C10-C14, ღია ცეცხლის წყაროსთან კონტაქტით გამოიწვია ხანძრის გაჩენა. ხანძრის შედეგად გარდაიცვალნენ შპს „პ-ის“ ხელმძღვანელები – ზ. ნ-ი და მ. რ-ე. ამასთან ერთად, ლ. ბ-ის მიერ შპს „პ-ის“ საწარმოს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა: კ. შ-ის კუთვნილი 431 მ2 ფართი, რითიც დაზარალებულს მიადგა 56 030 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; შპს „ა-ის“ კუთვნილი 600 მ2 ფართი, რითიც დაზარალებულს მიადგა 78 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; სს „ი-ის“ კუთვნილი 1005 მ2 ფართი, რითიც დაზარალებულს მიადგა 130 650 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. კ. შ-ის კუთვნილ ფართში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა ი. შ-ს, განადგურდა შენობაში განთავსებული სარეკლამო მასალები, რითიც ი. შ-ს მიადგა 1 700 000 ლარის მატერიალური ზიანი; სს „ი-ის“ კუთვნილ ფართში, რომელიც ნაქირავები ჰქონდა შპს „კ-ს“, განადგურდა „კ-ის“ კუთვნილი ინვენტარი, რითიც მას მიადგა 909 989.84 ლარის მატერიალური ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა თამარ მისაბიშვილმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ბ-ისათვის ჩადენილი ქმედების ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. მსჯავრდებულ ლ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ჩ. შესაგებლით მოითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი ლ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ ლ. ბ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ნასამართლობის არქონა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ თამარ მისაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი