Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№538აპ-19 ქ. თბილისი

მ-ი თ-ა, 538აპ-19 13 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ირაკლი მირცხულავასა და მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით თ. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე; ნ. ქ-ე, – - ნასამართლობის არმქონე; გ. გ-ი, – - ნასამართლობის არმქონე; ლ. წ-ე, – - ნასამართლობის არმქონე და ნ. წ-ა, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით შეიცვალა: ნ. ქ-ეს, გ. გ-სა და ლ. წ-ეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრათ ჯარიმა – 4000-4000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-მა, ნ. ქ-ემ, გ. გ-მა, ლ. წ-ემ და ნ. წ-ამ, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახეს, განეხორციელებინათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თ. მ-ი, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წელს სხვადასხვა ფიზიკურ პირზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას თ. მ-ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

· თ. მ-ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დროს სესხის სახით გაცემული აქვს 22000 აშშ დოლარი, რაზეც 2015-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 10543.2 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში თ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1861.5 ლარი, რაც ამ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

· ნ. ქ-ე, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016-2018 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ. ქ-ე ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

· ნ. ქ-ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დროს სესხის სახით გაცემული აქვს 31000 აშშ დოლარი და 212800 ლარი, რაზეც 2016-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 23925.7 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში ნ. ქ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2107.9 ლარი, რაც ამ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

· გ. გ-ი, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015-2018 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას გ. გ-ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

· გ. გ-ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დროს სესხის სახით გაცემული აქვს 12500 აშშ დოლარი და 54097 ლარი, რაზეც 2015-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 8634 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში გ. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1084.9 ლარი, რაც ამ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

· ნ. წ-ა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015-2018 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ. წ-ა ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

· ნ. წ-ას უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დროს სესხის სახით გაცემული აქვს 49000 აშშ დოლარი, რაზეც 2015-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 10758.4 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში ნ. წ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 2382.2 ლარი, რაც ამ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

· ლ. წ-ე, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2013-2018 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ლ. წ-ე ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

· ლ. წ-ეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის დროს სესხის სახით გაცემული აქვს 13468 აშშ დოლარი და 138510 ლარი, რაზეც 2013-2018 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 18574.5 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში ლ. წ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1263.5 ლარი, რაც ამ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ირაკლი მირცხულავა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ნ. ქ-ის, გ. გ-ისა და ლ. წ-ისათვის კანონიერი, სამართლიანი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებული თ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემცირებას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.

7. მსჯავრდებული ნ. ქ-ე შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელების ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების – ნ. ქ-ის, გ. გ-ისა და ლ. წ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურეს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, არიან პენსიონერები და არ გააჩნიათ შემოსავლის სხვა წყარო), განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, სამართლიანია და არ არსებობს მათი დამძიმების საფუძველი.

11. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივარს სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. მ-ისათვის დაკისრებული სასჯელი – ჯარიმა 5000 ლარი –განსაზღვრულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება თ. მ-ის, ნ. ქ-ის, გ. გ-ის, ლ. წ-ისა და ნ. წ-ას მიმართ შეფარდებულ ჯარიმაზე.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ირაკლი მირცხულავასა და მსჯავრდებულ თ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი