Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №546აპ-19 ქ. თბილისი

ს-ი ბ-ო, 546აპ-19 8 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ბ. ს-ი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; მასვე საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი ჩაეთვალა სასჯელის მოხდაში და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 365 საათით.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ს-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2017 წლის 9 მარტს ქ. თ-ში, ს-ის ქ., მე-- კორპუსის №- ბინაში მცხოვრებმა ბ. ს-მა ყოფილ მეუღლეს – ც. ზ-ს არასრულწლოვანი შვილის – თ. ა-ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა: ბ. ს-მა ც. ზ-ი დააგდო საწოლზე და ყელში ხელი მოუჭირა. აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2017 წლის 15 აპრილს, ღამის საათებში, ც. ზ-ი „მიცუბიში პაჯეროს“ მარკის ავტომანქანით (სახ. №-) იმყოფებოდა თ-ში, ვ-ის მე-- მიკრორაიონის №- კორპუსის მიმდებარედ, რა დროსაც მას ავტომანქანაში ჩაუჯდა ყოფილი მეუღლე ბ. ს-ი. ავტომანქანაში სიტყვიერი შელაპარაკებისას ბ. ს-მა ც. ზ-ს მარჯვენა ხელი წაუჭირა ყელის არეში, ხოლო მარცხენა ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და ფეხების არეში. ძალადობრივი ქმედების შედეგად ც. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ბ. ს-ი სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობდა ც. ზ-ზე, კერძოდ, ბ. ს-ი 12 წლის თ. ა-ის თანდასწრებით ც. ზ-ს შერიგების მოტივით სისტემატურად ემუქრებოდა, ხმამაღლა უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. არსებული მდგომარეობით დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

· 2017 წლის 15 აპრილს,2017 წლის 29 აგვისტოსა და 2017 წლის 8 ოქტომბერს ბ. ს-ი ც. ზ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რომ სახეში შეასხამდა მჟავას, ბენზინს გადაასხამდა და დაწვავდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. გ-ი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ს-ის უდანაშაულოდ ცნობას ბრალდების ყველა ეპიზოდში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ბ. ს-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბ. ს-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გასაჩივრებული განაჩენით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

8. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: „Hirvisaari v. Finland“, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; „Gorou v. Greece“ (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ („Kuparadze v Georgia“, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, „Tchaghiashvili v Georgia“, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; „Marini v. Albania“, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

9. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი