საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№553აპ-19 ქ. თბილისი
გ-ე ნ-რ, 553აპ-19 5 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. გ-ეს, –ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენასა და შენახვაში; ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ბინაში უკანონო შეღწევით.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ნ. გ-ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0051 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საიდანაც 0,003 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ 2018 წლის 12 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში ჩატარებული ნ. გ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს, ხოლო 0,0021 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ კი – იმავე დღეს ამოიღეს ნ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
· 2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბ-ში, უ-ის დასახლებაში, დ-ის ქ. №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყ. თ-ესა და მის ძმას, თანხისა და ძვირფასეულობის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ნ. გ-ე ორ შეიარაღებულ, ნიღბიან პირთან ერთად. მათ ყ. თ-ეს ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთის მუქარით, დანის გამოყენებით მიაყენეს სხეულის დაზიანება და მისი კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსით“ (სახ. №-) მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ნ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 აპრილიდან; მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი დავით ხარძეიშვილი მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ნ. გ-ის დამნაშავედ ცნობას ასევე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასევე – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის გამკაცრებას.
6. მსჯავრდებულ ნ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. შ. შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ნ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის გამკაცრების, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გამართლების ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩენს მხოლოდ გონივრულ ვარაუდს ნ. გ-ის ბრალეულობის შესახებ. ოპერატიული ინფორმაციის ავტორის ჩვენება და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ვერ გახდება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, მითუფრო, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით (რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია) დადასტურებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას ნ. გ-ე იმყოფებოდა ნათესავის სახლში.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების ამ ნაწილში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №549აპ-17, №541აპ-19).
11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მისი პიროვნული მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. გ-ეს შეუფარდა მისი ქმედების პროპორციული და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი