Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №555აპ-19 ქ. თბილისი

პ-ი ბ-ა, 555აპ-19 23 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ბ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. პ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – მითვისებაში, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთის მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

2. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

· 2008 წლის 22 თებერვალს თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – შპს „გ-ი“ (ს/ნ ---). საზოგადოების საქმიანობის სფეროა ბუნებრივი და თხევადი გაზის რეალიზაცია. შპს „გ-ი“ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე გაზის საჩამომსხმელო ბაზებიდან ახდენს თხევადი გაზის რეალიზაციას, მათ შორის – გ-ის გ-ის საჩამომსხმელო ბაზიდან, რომელიც შპს „გ-ის“ კერძო საკუთრებაა.

· საჩამომსხმელო ბაზები დამოუკიდებლად აწარმოებენ ბუღალტერიას და სალაროს, კერძოდ, ბაზებიდან რეალიზებულ (გაყიდულ) საქონელზე ადგილზე იწერება შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, სალაროს შემოსავლის ორდერები და სხვა, ხოლო გაზის რეალიზაციის შედეგად სალაროში შესული თანხები თითოეული ბაზის დირექტორს პერიოდულად სრულად შეაქვს შპს „გ-ის“ სათავო ოფისის სალაროში, რაზეც ასევე იწერება შესაბამისი სალაროს შემოსავლის ორდერები.

· 2008 წლის 1 მარტს შპს „გ-ის“ გ-ის გ-ის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად დაინიშნა ბ. პ-ი, რომელსაც 2010 წლის 30 სექტემბრამდე დროის პერიოდში ეკავა აღნიშნული თანამდებობა.

· 2010 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეებში გ-ის გ-ის საჩამომსხმელო ბაზიდან რეალიზებული გაზის საფასური ბ. პ-მა არასრულად შეიტანა კომპანიის სათავო ოფისის სალაროში. კერძოდ, 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის დროის პერიოდში გ-ის გ-ის საჩამომსხმელო სადგურის მიერ სხვადასხვა ინდმეწარმესა და ორგანიზაციაზე, დღგ-ს ჩათვლით, რეალიზებულია სულ – 232809,02 ლარის თხევადი აირი. გარდა აღნიშნულისა, დისტრიბუტორების მიერ, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მიხედვით, რეალიზებულია 1200 ლარის თხევადი აირი, ხოლო სალარო-აპარატის ჩეკებით – 9974,95 ლარის თხევადი აირი. სულ რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის ღირებულება შეადგენს 243983,97 ლარს, მაშინ, როდესაც 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „გ-ის“ სათავო ოფისის სალაროში ბ. პ-მა შეიტანა მხოლოდ 59757,56 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა მიითვისა.

· შპს „გ-ის“ გ-ის გ-ის საჩამომსხმელო სადგურის მიერ 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და ბ. პ-ის მიერ შპს „გ-ის“ სათავო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე – შპს „გ-ის“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 182808,91 ლარს.

· ამდენად, შპს „გ-ის“ გ-ის გ-ის საჩამომსხმელო სადგურის დირექტორად მუშაობის პერიოდში ბ. პ-მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „გ-ის“ კუთვნილი ფულადი თანხა – 182808,91 ლარი, რითიც დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა შპს „გ-ის“.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით ბ. პ-ი, – - – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განაჩენით გაუქმდა: ბ. პ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლზე და განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. პ-მა, რომელიც იყო შპს „გ-ის“ გ-ის ბაზის დირექტორი და იმავდროულად – შპს „გ-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, თავისი გამორჩენის მიზნით და 2010 წლის 1 აგვისტოდან 2010 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეალიზაციის შედეგად მიღებული თხევადი აირის მთლიან ღირებულებასა და მის მიერ შპს „გ-ის“ სათავო ოფისის სალაროში შეტანილ, ასევე შპს „გ-ის“ ანგარიშზე გადარიცხულ თანხას შორის არსებული სხვაობა – 182808,91 ლარი – არ შეიტანა ორგანიზაციის ბუღალტერიაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

6. პროკურორი თეა ბერიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ბ. პ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

7. მსჯავრდებულ ბ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – გ. დ-ი და ა. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო პალატა არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის, ხოლო დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნას – მსჯავრდებულ ბ. პ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ასეთ მოთხოვნებს არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების – ვ. შ-ის, გ. ჯ-ის, ს. ღ-ის, ზ. ქ-ის, ბ. ს-ის, ვ. მ-ის, ქ. ჩ-ის, მ. ჩ-სა და სხვათა ჩვენებები, საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები, წერილობითი და სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ბ. პ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – მითვისება, თუმცა დადგენილია, რომ იგი იყო კომერციული საზოგადოება – შპს „გ-ის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელმაც პირდაპირი განზრახვით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შპს „გ-ს“ და მიიღო გამორჩენა.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა და ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ბ. პ-ის ქმედების კვალიფიკაცია და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას დაცვისა და ბრალდების მხარეები და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, მხარეები საჩივრებში არ უთითებენ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თეა ბერიძისა და მსჯავრდებულ ბ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. დ-ისა და ა. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი