Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№560აპ-19 ქ. თბილისი

შ-ე შ-ა, 560აპ-19 1 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით შ. შ-ე, – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. შ-ემ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ოქტომბრამდე დროის პერიოდში, შ. შ-ე თ. ტ-ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას, კერძოდ, შ. შ-ე თ. ტ-ესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით და უგზავნიდა გაურკვეველი, ხშირ შემთხვევაში – მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებს. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ თ. ტ-ეს გაუჩნდა მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ქეთევან გურაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ შ. შ-ისათვის სასჯელის გამკაცრებას.

5. მსჯავრდებული შ. შ-ე შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, მისი წარსული ცხოვრება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ შ. შ-ეს განუსაზღვრა სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილი კანონიერი, სამართლიანი და ქმედების პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი