Facebook Twitter

¹ბს-1293-868(კ-05) 21 აპრილი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ მ. პ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ პენსიაზე დანამატის დანიშვნა, მიუღებელი დანამატის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 5 ოქტომბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. პ-ამ მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პენსიაზე დანამატის _ 14 ლარის დანიშვნის, ასევე წინა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურების დავალება, შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე წარმოადგენდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს, დაბადებული იყო ........ წელს, იღებდა პენსიას 87 ლარის ოდენობით. მას, როგორც სამამულო ომის მონაწილეს, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, ეკუთვნოდა პენსიაზე დანამატი 14 ლარის ოდენობით, ასევე ეკუთვნოდა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატი 168 ლარის ოდენობით. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული განყოფილება უარს ეუბნებოდა აღნიშნული დანამატის დანიშვნაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებას მ. პ-ას სასარგებლოდ დაეკისრა დანამატის დანიშვნა ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით, ასევე ერთი წლის მიუღებელი თანხის _ 168 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-ა იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც დანიშნული ჰქონდა ინვალიდობის გამო პენსია 45 ლარის, ხოლო მეორადი პენსია _ 42 ლარის ოდენობით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, დანამატი საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 100 პროცენტის ოდენობით ენიშნებოდათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. პ-ას უნდა დანიშვნოდა დანამატი ასაკის გამო მინიმალური პენსიის _ 14 ლარის ოდენობით და ამავე კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებოდა ერთი წლის მიუღებელი თანხა 168 ლარი.

რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელანტის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტით განსაზღვრული დანამატი გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც პენსიას იღებდნენ ძალოვანი სტრუქტურებიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენდა “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ სუბიექტს და ამდენად, მასზე ვერ გავრცელდებოდა სხვა კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. პ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. პ-ა წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის მონაწილეს, სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს და მისი პენსია შეადგენდა თვეში 87 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს მ. პ-ას მიმართ არ უნდა გამოეყენებინა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, დანამატი მინიმალური პენსიის ოდენობით ეკუთვნოდათ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სხვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამშობლოს ინტერესების დამცველ პირებს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. მოსარჩელეზე აღნიშნული ნორმის გასავრცელებლად იგი უნდა ყოფილიყო სამხედრო მოსამსახურე, ხოლო მოსარჩელეს მითითებული დანამატის მიღების უფლება არ გააჩნდა, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეს არ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება, იმის გათვალისწინებით, რომ მინიმალური პენსია გაორმაგდა და გახდა 28 ლარი.

კასატორის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის თანახმად, იგი იღებდა ორი სახეობის პენსიას. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მართალია, იგი წარმოადგენდა დიდი სამამულო ომის მონაწილეს და სამამულო ომის მე-2 ჯგუფის ინვალიდს, მაგრამ მასზე არ უნდა გავრცელებულიყო ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, რომელიც ეკუთვნოდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სხვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამშობლოს ინტერესების დამცველ პირებს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. კასატორის მოსაზრებით, თავად განეკუთვნებოდა სწორედ ასეთი კატეგორიის პირს, ექვს წელზე მეტი ხანი მსახურობდა არმიაში და მონაწილეობდა ბრძოლებში. შემდეგ დაითხოვეს თადარიგში, სადაც 30 წელზე მეტ ხანს იყო პირველი კატეგორიის თადარიგის სამხედრო ვალდებული, ვიდრე ასაკის გამო არ მოხსნეს სამხედრო აღრიცხვიდან. თადარიგის სამსახურში ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე იყო სამხედრო შეკრებებზე საბრძოლო მომზადების დონის ამაღლების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მ. პ-ა დაბადებულია ........ წელს, არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის საფუძველზე დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია 45 ლარის ოდენობით. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე დანიშნული აქვს მეორე სახეობის პენსია 42 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ას მოთხოვნა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე ომის ინვალიდობის პენსიაზე საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატის დანიშვნის შესახებ არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

“სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად: “ამ კანონის შესაბამისად დანიშნული, მათ შორის, მინიმალური პენსიები გაუდიდდებათ პენსიონერთა შემდეგ კატეგორიებს: ...მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სხვა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამშობლოს ინტერესების დამცველ პირებს სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან, რომლებიც მსახურობდნენ მოქმედ არმიასა და სამხედრო ფორმირებებში...” ამდენად, აღნიშნული ნორმა პენსიაზე დანამატის დანიშვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს იმ კატეგორიის პენსიონერთათვის, რომელთაც პენსია დანიშნული აქვთ ამ კანონის საფუძველზე.

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ პენსიათა სახეობებს განეკუთვნებოდა: ა. წელთა ნამსახურობის პენსია (თავი მეორე, მუხ. 11-16); ინვალიდობის პენსია (თავი მესამე, მუხ. 17-24); პენსია მარჩენლის დაკარგვის გამო (თავი მეოთხე, მუხ. 25-29).

აღნიშნული კანონის მე-60 მუხლი ითვალისწინებდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში პენსიონერისათვის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების საპენსიო შეღავათის მინიჭებას, ამასთან, მოხუცებულობის პენსიაზე გათვალისწინებული იყო დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით. ამდენად, ამ მუხლის საფუძველზე გავრცელებული საპენსიო შეღავათი უკვე მოიცავდა დანამატს მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით.

მ. პ-ას ინვალიდობის პენსია (45 ლარი) დანიშნული აქვს როგორც ძირითადი პენსია ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” კანონის საფუძველზე. უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე მ. პ-ას მიეცა მეორე სახეობის პენსიის მიღების უფლება, რაც მოიცავს დანამატს მინიმალური პენსიის ორმაგი ოდენობით. ამდენად, მ. პ-ას აღნიშნული კანონის საფუძველზე უკვე დანიშნული აქვს დანამატი ორმაგი ოდენობით, რის გამოც იმავე კანონის 41-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატის მოთხოვნის უფლება არ აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.