Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №665აპ-19 თბილისი

ო-ი ბ-ი, 665აპ-19 20 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ო-ის ადვოკატ დ. მ-ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით ბ. ო-ი, - - - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ბ. ო-ს მსჯავრი დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: 2006 წლის 4 დეკემბერს გ-ის რაიონის სოფელ თ-ში მცხოვრები ა. მ-ე მივიდა იმავე სოფელში მცხოვრებ გ. კ-ის საცხოვრებელ სახლთან და ეზოს გარედან მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მათ შორის არსებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების გამო, გ. კ-ე მოერიდა ა. მ-ესთან უსიამოვნებას, სახლის უკანა მხარეს, ფანჯრიდან გადავიდა და გაერიდა მას. ამ დროს გ. კ-ის ბებია - ზ. კ-ე სახლიდან გავიდა და მივიდა ამავე სოფელში მცხოვრებ გ. კ-ის მეგობარ ბ. ო-თან, რომელსაც სთხოვა, რომ წაჰყოლოდა სახლში და მიხმარებოდა, რომ ა. მ-ეს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის არაფერი დაეშავებინა. ბ. ო-მა აიღო თავისი კუთვნილი, ერთლულიანი სანადირო თოფი და წავიდა გ. კ-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. სოფლის ეკლესიასთან მისვლამდე მას გზაში შეხვდა ა. მ-ე, რომელიც დანით მისდევდა მის მეგობარ გ. მ-ს, რა დროსაც ბ. ო-მა განიზრახა ა. მ-ისათვის ესროლა თოფი, ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით. მან ა. მ-ეს თოფი ფეხის მიმართულებით დაუმიზნა და ახლოს მისვლის შემდეგ ესროლა. სროლის შედეგად ა. მ-ეს ორივე ფეხი დაუზიანდა.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ბ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა ამავე სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

4. მსჯავრდებული ბ. ო-ი დააკავეს 2018 წლის 29 მაისს.

5. გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ო-მა და მისმა ადვოკატებმა - ნ. ც-ემ და დ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ო-ის გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ო-ისა და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· ბ. ო-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 122-ე მუხლზე;

· ბ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· ბ. ო-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

· ბ. ო-ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o მსჯავრდებულ ბ. ო-ის ადვოკატმა დ. მ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. ო-ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე;

o გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ ბ. ო-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, კასატორები ვერ უთითებენ ისეთი სახის გარემოებებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შეიძლება გახდეს.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ბ. ო-მა, დაზარალებულ ა. მ-ის მიმართულებით სანადირო თოფიდან გასროლით, გადააცილა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებს და ჩაიდინა ამავე კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით). სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ მართალია, საფრთხე რეალური იყო (ა. მ-ე დანით მისდევდა გ. მ-ს), მაგრამ არა იმ ხარისხისა და იმ ხასიათის, რომ ა. მ-ის სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების საპირწონედ ყოფილიყო მიჩნეული.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

12. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ო-ის ადვოკატ დ. მ-ისა და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე