საქმე # 330100119003172710
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№774აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი ს., 774აპ-20 2 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა–ის ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა–ის ადვოკატმა ი. ბ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და ითხოვს მის შეცვლასა და ს. ა–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 2381-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას, ხოლო მისი ქმედების ამავე კოდექსის 178-ე მუხლით დაკვალიფიცირებას; კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილებების მიღებისას არ გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს დანით არ დასხმია თავს, არამედ გამოიყენა იგი ლითონის ყუთის გასახსნელად; ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ს. ა–მ დანა გახსნა ფულის შესანახი ყუთის ძებნისას, სანამ ჯიხურში მის ყოფნას დაზარალებული შენიშნავდა; სასამართლოში მოწმეებად დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ს. ა–ისაგან ამოღებული დანები მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატეგორიას, თუმცა მათი განმარტებები იყო არაკვალიფიციური.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენით ს. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 2 მაისის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა - 2019 წლის 29 ივლისიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ა–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის და ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ. ........ში, ....... ....-ე ქუჩაზე, №.. ნაკვეთის მიმდებარედ არსებულ ი/მ „........ის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ს. ა–ი მის ხელთ არსებული დანის დემონსტრირებით, თავს დაესხა ჯიხურის გამყიდველს, ნ. ბ–ს, რომელსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცა ფულადი თანხა - 80 ლარი, 25 ლარად ღირებული - 0,5 ლიტრიანი არაყი „სტოლიჩნაია“ და 19 ლარად ღირებული - 0,5 ლიტრიანი კონიაკი ,,ასკანელი“. ს. ა–ის ქმედებით ნ. ბ–ს მიადგა ქონებრივი და მორალური ზიანი.
- განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ა–ი 2019 წლის 2 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ..........ში, .........ის ქუჩაზე ატარებდა ცივ იარაღს - დანას.
- განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ს. ა–ი 2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 04:33 საათზე, ..........ში, .........ის დასახლების მე-.. მიკრორაიონის, მე-.. კვარტლის, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რომელიც სამართალდამცავებმა ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა–ის ადვოკატმა ი. ბ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 16 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია ს. ა–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ბ–სადა მოწმე ე. ც–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, ამოცნობის, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმებით, ოდოროლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო სასამართლო ვერაფრით გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს, რომ მსჯავრდებული დანის დემონსტრირებით არ დასხმია თავს დაზარალებულს, არამედ მხოლოდ თანხის შესანახი ყუთის გასახსნელად გამოიყენა იგი, რაც, თითქოსდა, ნათლად ჩანს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში, ვინაიდან, ერთი მხრივ, ზემოაღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს ვიდეოჩანაწერის შინაარსიდან, ხოლო, მეორე მხრივ, საპირისპირო მტკიცდება დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების - ნ. ბ–სადა ე. ც–ს ჩვენებებით; ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებზე, რომლებიც, კასატორის მითითებით, საექსპერტო კვლევების ავტორთა არაკომპეტენტური განმარტებების გათვალისწინებით, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ექსპერტიზების დასკვნების კვლევით ნაწილებში ამომწურავად არის მითითებული ექსპერტიზის დასკვნისათვის აუცილებელი მონაცემები, მათ შორის, კვლევის მეთოდები და კვლევისას გამოყენებული მასალა, რისი მხედველობაში მიღებითაც, ექსპერტების კომპეტენტურობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი მტკიცებულებების გამოკვლევით არ იკვეთება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ს. ა–ის ქმედებებს სწორი კვალიფიკაცია მიანიჭეს და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) - კანონიერია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ა–ის ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი