Facebook Twitter

საქმე # 330100119003309264

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№777აპ-20 ქ. თბილისი

კ–ე ნ., 777აპ-20 2 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ქარელისა და მსჯავრდებულ ნ. კ–სა და მისი ადვოკატის, მ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნელი ქარელმა და მსჯავრდებულმა ნ. კ–მ და მისმა ადვოკატმა მ. ს–მ.

2. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენის შეცვლასა და ნ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნ. კ–მ არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული; სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სასჯელის მოხდიდან ნასამართლობის გაქარწყლების ვადა თითოეული დანაშაულისათვის ცალ-ცალკე ათვალა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - რვა წლის შემდეგ და კანონი არ ადგენს, რომ დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს შეფარდებული სასჯელის მოხდის შემდეგ ნასამართლობა თითოეულ დანაშაულზე ცალ-ცალკე უნდა აითვალოს.

3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენის შეცვლასა და ნ. კ–სათვის სასჯელად ჯარიმის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო და არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ნ. კ–ს პიროვნებას, ვინაიდან გამოკვეთილია ნაკლებად მძიმე დანაშაულის მცდელობა, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია და ბრალდების მხარეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას დაამძიმებდა.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. კ–ს ბრალად დაედო - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოვებით 21:00 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით ნასამართლევი ნ. კ–ე ქ. თ–ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე შპს ,,.......“ სუპერმარკეტში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა სამ - 200 მლ-იან არაყ ,,ცელსის“, ორ ფილა შოკოლად -,,ალპენ გოლდს“, სამ შოკოლად - „სნიკერსს“, ერთლიტრიან მინერალურ წყალ -,,ნაბეღლავს“ და ერთლიტრიან ზეთ - ,,ბარაქას“, თუმცა განზრახვა ვერ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან შეაჩერეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაღაზიის შესასვლელ კართან. ნ. კ–ს ქმედების შედეგად შპს ,,.........“ შესაძლოა, მისდგომოდა 50,20 ლარის ქონებრივი ზიანი.

5. ნ. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ნ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 4000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 4000 ლარი.

7. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ–მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოვებით 21:00 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ნასამართლევი ნ. კ–ე ქ. ...........ში, ..... ქუჩა №..-ში მდებარე შპს ,,.......“ სუპერმარკეტში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა სამ - 200 მლ-იან არაყ ,,ცელსის“, ორ ფილა შოკოლად -,,ალპენ გოლდს“, სამ შოკოლად - „სნიკერსს“, ერთლიტრიან მინერალურ წყალ -,,ნაბეღლავს“ და ერთლიტრიან ზეთ - ,,ბარაქას“, თუმცა განზრახვა ვერ მიიყვანა ბოლომდე, ვინაიდან შეაჩერეს სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაღაზიის შესასვლელ კართან. ნ. კ–ს ქმედების შედეგად შპს ,,.......“ შესაძლოა, მისდგომოდა 50,20 ლარის ქონებრივი ზიანი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ და მსჯავრდებულ ნ. კ–ს ადვოკატმა მ. ტ-მ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება; ნ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 4000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი; ნ. კ–ს სასჯელი აეთვალა - 2020 წლის 24 ივლისიდან.

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც შეიცვალა ბრალად წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია; საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენში და ნ. კ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. მაშასადამე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლითაც მსჯავრდებულია ნ. კ–ე, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მას ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. კერძოდ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, ნ. კ–მ სასჯელი მოიხადა 2012 წლის 24 აგვისტოს (როდესაც პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა). შესაბამისად, მას ნასამართლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გაუქარწყლდა 2015 წლის 24 აგვისტოს, ანუ სამი წლის შემდეგ. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კი, ნ. კ–მ დანაშაული ჩაიდინა 2019 წლის 16 ოქტომბერს. მართალია, ნ. კ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტთან ერთად, ასევე მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატერგორიას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში თითოეული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა უნდა გამოითვალოს ცალ-ცალკე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადას დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს და კანონმდებლობაში არ არსებობს ნორმა, რომელიც განაჩენთა ან/და დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნასამართლობის ვადის გაქარწყლებას სხვაგვარად მოაწესრიგებდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი №416აპ-18 საქმეზე). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. კ–ს ქმედებას სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - კანონიერია.

13. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. კ–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის ჯარიმით შეცვლა, მისი კრიმინალური წარსულის (თბილისის სააპლაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივნისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის) და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული ჯარიმა - 4000 ლარი აღუსრულებელია, არ არის მიზანშეწონილი.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ქარელისა და მსჯავრდებულ ნ. კ–სა და მისი ადვოკატის, მ. ს–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი