საქმე # 200100119002950361
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №784აპ-20 ქ. თბილისი
ს–ი ა., 784აპ-20 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, ვინაიდან მას დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ მან დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ ერთი დაზიანება გულმკერდის არეში, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით არ განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას; სხვა დაზიანებების გამომწვევი მიზეზები არ არის დადგენილი, შესაძლოა, ისინი მიყენებული იყოს თვითდაზიანების შედეგად, ან სხვა პირს მიეყენებინა.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ა. ს–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
მსჯავრდებულ ა. ს–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ს–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ა. ს–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. .....ში, ........ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. ს–მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით დანა ექვსჯერ დაარტყა უ. ე–ს გულმკერდის, მუცლისა და მარცხენა ლავიწის არეში, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან უ. ე–ს დროული სამედიცინო დახმარების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ს–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიერ ჩადენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის შესაბამის ნაწილზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ უ. ე–ს ჩვენებით, მოწმეების - გ. ო–ს, დ. მ–ს, ა. დ–ს, გ. დ–ს, ლ. მ–ს და სხვათა ჩვენებებით, დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2019 წლის 23 აპრილის დაქტილოსკოპური ექსპერტიზის N... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა. ს–ს მიერ სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია, რომ მსჯავრდებულს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მსჯავრდებული ა. ს–ი მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით შურისძიების მოტივით, ვინაიდან იგი იყო განაწყენებული დაზარალებულ უ. ე–ზე იმის გამო, რომ როდესაც დაზარალებული იმყოფებოდა მის სახლში, მის მეუღლეს იძულებით აკოცა და შესთავაზა ინტიმური კავშირი. აღნიშნულით განაწყენებული ა. ს–ი გაემართა უ. ე–ს სანახავად, რომელიც ნახა გ.ო-ის ბინაში, სადაც ა. ს–მ დალია ორი ჭიქა სასმელი, რის შემდეგაც დაზარალებულს ჰკითხა - „ეს რა გააკეთეო“, შემდეგ ამოიღო დანა და ექვსჯერ დაარტყა გულმკერდის არეში. დაზარალებულ უ. ე–ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მას სხეულზე აღენიშნებოდა ექვსი ნაკვეთი ჭრილობა: ერთი - ჭიპის ქვემოთ, მარცხნივ, მეორე - მარცხნივ, მამილარულ ხაზზე, X-XI ნეკნების დონეზე, მესამე, მახვილისებური მორჩიდან 4 სმ-ით ზემოთ, მეოთხე და მეხუთე - გულმკერდის მარცხენა ნახევარში, იღლიის შუა და უკანა ხაზებზე და მეექვსე - მარცხნივ, ლავიწ-აკრომიონის მიდამოში. ჭიპის ქვემოთ, მარცხნივ არსებული ჭრილობა აღმოჩნდა შემავალი მუცლის ღრუში. იგი მიყენებულია რაიმე ჩხვლეტავი, მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დანარჩენი ხუთი ჭრილობა მიყენებულია ასევე რაიმე მჩხვლეტავი, მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის მიერ თვითდაზიანებების მიყენების, ან დაზიანებების სხვა პირის მიერ მიყენების ფაქტი. ყოველივე აღნიშნული, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობების სიცოცხლისათვის მეტად სახიფათო ლოკალიზაციისა და რაოდენობის (დაზარალებულს მიყენებული აქვს 6 ჭრილობა ტანის ზედა არეში) გათვალისწინებით, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ს–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი