საქმე # 330100119003004290
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №786აპ-20 ქ. თბილისი
გ–ი გ., 786აპ-20 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა გ. გ–ს მიერ დაზარალებულის განხრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი; სინამდვილეში მსჯავრდებულს სახლში მიუვარდა დაზარალებული, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს მსჯავრდებულს ხელიდან გაუვარდა ხელთ ნაქონი ნაჯახი, რაც შემთხვევით მოხვდა დაზარალებულს, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დაზარალებულს თავზე სერიოზული დაზიანება არ მიუღია; მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, განზრახვის სისრულეში მოყვანაში ხელს არაფერი უშლიდა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. გ–ს ბრალად ედება: ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; განზრახ მკვლელობის მცდელობა.
გ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ............., მუხრანის ქუჩა ...... №..–შიგ. გ–ი მეუღლეს - ა. გ–ს ნაჯახის გამოყენების მუქარით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.
- გ. გ–ი თანაცხოვრების ბოლო პერიოდში მეუღლეს - ა. გ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ლანძღავდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ქ. ...........ში, ....... ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. გ–მ ა. გ–ს მიმართ ასეთივე ქმედებები ჩაიდინა 8 წლის შვილიშვილის, ა. გ–ს თანდასწრებითაც 2019 წლის 14 იანვარს, 14 თებერვალსა და 27 თებერვალს, რამაც ა. გ–ს ტანჯვა გამოიწვია.
- 2019 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ........ი, .........ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. გ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სახლიდან გაიტანა რკინის ნაჯახი, რომლის გამოყენებითაც განზრახ მოკვლის მიზნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა მ. ე–ს, მაგრამ გ. გ–მ ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, ვინაიდან პირველი დარტყმის შემდეგ, მ. ე–ს წინააღმდეგობის გაწევისა და ლ. კ–ს ჩარევის შედეგად, აღიკვეთა მისი დანაშაულებრივი ქმედება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით გ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
გ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
გ. გ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 თებერვლიდან.
გაუქმდა გ. გ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, ასევე მსჯავრდებულმა გ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ–მ.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში, მათ შორის - საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ გ. გ–ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით შერაცხულ მსჯავრდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულ გ. გ–ს არ ჰქონდა დაზარალებულ მ. ე–ს მოკვლის განზრახვა და რომ იგი დაიჭრა შემთხვევით, ვინაიდან დაცვის მხარის ამ ვერსიას ცალსახად გამორიცხავს დაზარალებულ მ. ე–სა და ასევე შემთხვევის ადგილზე მისული მოწმე ლ. კ–ს ჩვენება, ასევე დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 5 აპრილის №....... დასკვნა, კერძოდ: დაზარალებულ მ. ე–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მასა და გ. გ–ს შორის წარსულში არსებობდა დაძაბული ურთიერთობა, ხოლო შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე ნასვამი გ. გ–ი მოკვლით დაემუქრა, რის შემდეგაც შემთხვევის დღეს გ. გ–ი მას ნაჯახით შეიარაღებული დაესხა თავს და ჩაარტყა თავში. ნაჯახის ჩარტყმის შემდეგ ჩაიკეცა, თუმცა მალევე წამოდგა, ხელი ჰკრა მას და ნაჯახი დააგდებინა. გ. გ–მ კვლავ მოახერხა ცულის აღება, მოუღერა და უმეორებდა, რომ მაინც უნდა მოეკლა, „ღორივით მოეკლა“. თვითონ მისი ცულიანი ხელი ეჭირა და ცდილობდა, არ მიეცა დარტყმის საშუალება. გ. გ–ს მომართული ნაჯახი ხელიდან წაართვა მისმა სიძემ ლ. კ–მ, რომელიც მის დასახმარებლად მივიდა. დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი მოწმე ლ. კ–ს ჩვენებასთან, რომლითაც ასევე დგინდება, რომ მან დაინახა ძირს დაგდებული მ. ე–ი, რომლის ზემოდან მოქცეული იყო გ. გ–ი, ნაჯახით ხელში მომარჯვებული. მისი ნაჯახიანი ხელი მ. ე–ს ეჭირა და არ აძლევდა დარტყმის საშუალებას. მოწმე სასწრაფოდ მივარდა გ. გ–ს, გამოსტაცა ნაჯახი და მოშორებით გადააგდო, შემდეგ თვითონ მსჯავრდებულს მოჰკიდა ხელი და გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. გარდა ამისა, მკვლელობის განზრახვაზე ასევე მეტყველებს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ხასიათი და ლოკალიზაცია, კერძოდ, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 5 აპრილის N.......... დასკვნით ირკვევა, რომ მას დაზიანებების სახით აღენიშნებოდა თავის ტვინის შერყევა და სკალპის ღია ჭრილობა. ყოველივე აღნიშნული კი ნათლად მეტყველებს გ. გ–ს ქმედებაში მკვლელობის განზრახვაზე, რისი სისრულეში მოყვანაც თავდაპირველად მან ვერ შეძლო დაზარალებულ მ. ე–ს მიერ გაწეული აქტიური წინააღმდეგობის გამო, ხოლო მოგვიანებით გ. გ–ს დაზარალებულისათვის დასარტყმელად მომარჯვებული ნაჯახი ხელიდან წაართვა ლ. კ–მ.
9. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით: დაზარალებულ - მ. ე–ს, მოწმეების - ლ. კ–ს, ხ. ჩ–ს, ბ. მ–ს, გ. წ–ს, გ. გ–ისა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 28 თებერვლის ოქმითა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება - ნაჯახით, ამოღების ოქმებით, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 5 აპრილის №.... დასკვნით, ექსპერტ თ. ქ–ს ჩვენებითა და საქმეში არსებული, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზისა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნებითა მათი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. გ–მ შურისძიების მოტივით, ცულის დარტყმით სცადა მ. ე–ს განზრახ მკვლელობა, რაც მან სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი