საქმე # 330100119002900395
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №787აპ-20 ქ. თბილისი
ბ.ა პ., 787აპ-20 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ. ბ–ს ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის მარტის თვიდან პ. ბ–ადა ლ. ა–ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ერთი საერთო შვილი - 20.. წელს დაბადებული ბ. ბ–ა. თანაცხოვრების პერიოდში პ. ბ–ა სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე, ლ. ა–აზე, კერძოდ:
- 2017 წლის აპრილში, საღამოს საათებში, ქ. ............., .......... ქ. №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. ბ–მ ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო ჩხუბი მეუღლეს, ლ. ა–ას, რის გამოც ამ უკანასკნელმა სცადა საქალაქთაშორისო ტელეფონით დაერეკა საპატრულო პოლიციაში, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან პ. ბ–მ დანით გადაჭრა ტელეფონის სადენი, ხოლო ტელეფონის აპარატი თავში ჩაარტყა მას, რის გამოც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავიდან წასკდა სისხლი. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ბ. ბ–ა, რომელიც ტიროდა და მამას სთხოვდა დედა არ ეცემა.
- 2017 წლის ოქტომბერში, იმავე სახლში, პ. ბ–მ ლ. ა–ას უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და თავის არეში, მარჯვენა საფეთქელთან ჩაარტყა მინის ბოთლი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი.
- 2018 წლის ივლისში, იმავე მისამართზე, პ. ბ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ა–ას, კერძოდ: სამსახურიდან დაბრუნებულ ლ. ა–ას, რომელიც მორჩა საოჯახო საქმეებს და აპირებდა დაძინებას, მეუღლემ, პ. ბ–მ უბრძანა, რომ ღამის სამ საათამდე არ დაიძინებდა, ვინაიდან იყო დასჯილი, რის შემდეგაც პ. ბ–მ დაზარალებული ლ. ა–ა წააქცია იატაკზე და ძირს დაგდებულს ურტყა ფეხები, რის შემდეგაც გააგდო სახლიდან.
- 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ასევე ქ. .............., ....... ქ. ..-ში მდებარე სახლში, პ. ბ–მ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ლ. ა–ას, კერძოდ: აღნიშნულ დღეს ლ. ა–ა წავიდა თანამშრომლის ქორწილში. პ. ბ–მ გააფრთხილა, რომ ადრე დაბრუნებულიყო, თან ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა და აკონტროლებდა, თუ სად იყო და რას აკეთებდა. დაახლოებით 21:30 საათზე დაურეკა და უბრძანა, რომ დროზე დაბრუნებულიყო სახლში, რასაც დაემორჩილა ლ. ა–ა. სახლში მისვლისთანავე, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, პ. ბ–მ ხელი გაარტყა სახის არეში, რის გამოც ლ. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ქ. ...........ი, ..........ის ქ. N..-ში, პ. ბ–მ არასრულწლოვანი შვილის, ბ. ბ–ას თანდასწრებით, კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მეუღლეს, ლ. ა–ას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზნით, თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. კონფლიქტის დროს მათ შორის ჩადგა დედამთილი, რომელმაც პ. ბ–ს არ მისცა ლ. ა–ის ცემის საშუალება.
- 2019 წლის 1 თებერვალს, ქ. ............., .......... ქ. №..–შიმდებარე საცხოვრებელ სახლში, პ. ბ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულ ლ. ა–ას, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა დახამარება, ზარის გაუქმების მიზნით თმაში სწვდა და ყელში ისე მოუჭირა ხელი, რომ დაზარალებულს სუნთქვა უჭირდა, რის გამოც, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, გააუქმა 112-ის შეტყობინება. აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი, ბ. ბ–ა, რომელიც შეშინებული ტიროდა და მამას სთხოვდა, დედისთვის ხელი გაეშვა და არ ეჩხუბა.
პ. ბ–ს ბრალი ასევე დაედო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 24 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, პ. ბ–ა, არასრულწლოვანი შვილის, ბ. ბ–ას თანდასწრებით, მეუღლეს, ლ. ა–ას, ხშირ შემთხვევაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, კერძოდ: მოიხსენიებდა ღირსების შემლახველი ეპითეტებით, უწმაწური სიტყვებით, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას, სამსახურში სიარულს, მეგობრების ყოლას, მათთან ურთიერთობას, მოითხოვდა. მისი გემოვნებით ჩაეცვა სამოსი, უკრძალავდა მასთან შეთანხმების გარეშე სადმე წასვლას და ნებართვის მიცემის შემთხვევაშიც უსაზღვრავდა სახლში დაბრუნების დროს.
პ. ბ–ს ბრალი ასევე დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ............ში, .......... ქ. N..-ში, პ. ბ–ა, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულ ლ. ა–ას, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით დარეკა 112-ის სამსახურში და ითხოვა დახმარება, თმაში სწვდა, ყელის არეში მოუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი დაზარალებული არ გააუქმებდა აღნიშნულ შეტყობინებას. დაზარალებულ ლ. ა–ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან თანაცხოვრების პერიოდში პ. ბ–ა სისტემატურად ძალადობდა მასზე. პ. ბ–ს დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ა–ას მიადგა მორალური ზიანი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით პ. ბ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება თანაცხოვრების პერიოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
პ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2019 წლის 1 თებერვლის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი);
პ. ბ–აცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.
პ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 1 თებერვლიდან.
გაუქმდა პ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჯელა გეთიამ და მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ–მ.
- ბრალდების მხარემ ითხოვა პ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში, ხოლო დაცვის მხარემ - გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ პ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) მსჯავრად შერაცხული დანაშაული არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, პოლიციის მუშაკების, მოწმეების - მ. კ–სა და გ. გ–ის ჩვენებები, ფონოსკოპური ექსპერტიზის N..... დასკვნა და ექსპერტების - დ. გ–ისა და ე. კ–ის ჩვენებები, ექსპერტ დ. მ–ს ჩვენება, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პ. ბ–ს მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი