Facebook Twitter

საქმე # 330100118002537325

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№794აპ-20 ქ. თბილისი

ც-ი თ., №794აპ-20 13 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ც–ს ადვოკატ ა. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. ც–ს ადვოკატმა ა. ხ–მ, რომელიც ითხოვს მის შეცვლასა და თ. ც–სათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი - და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმა არ კრძალავს კანონის გამოყენებას, მაგალითად - არაერთგზის დანაშაულის ჩადენისას, დანაშაულის რეციდივისა და დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს; სასამართლომ ისე შეუფარდა თ. ც–ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომ არ გაუთვალისწინებია მისი პიროვნება და ცხოვრების თავისებურებები - არის კარგი მოსწავლე, ხასიათდება დადებითად, ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლე უკავშირდება ლუდომანიას, რომელიც დაავადებაა; სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო თანაამსრულებელთა ასაკობრივი სხვაობა და ასაკით უმცროს მსჯავრდებულს დააკისრა უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე - ასაკით უფროსს, რაც არ არის სამართლიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენით თ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 1 მაისის ეპიზოდი) - შინაპატიმრობა - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 4 მაისის ეპიზოდი) შინაპატიმრობა - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) შინაპატიმრობა - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 7 მაისის ეპიზოდი) შინაპატიმრობა - 1 წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 25 მაისის ეპიზოდი) შინაპატიმრობა - 6 თვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2018 წლის 26 მაისის ეპიზოდი) შინაპატიმრობა 1 წლით; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ. ც–ს მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 9 ივნისიდან.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრი დაედო ლ. ყ–ს და მიესაჯა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ც–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ხუთი ეპიზოდი) და ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, თ–ის ქუჩა №..-ში არსებულ ჰიპერმარკეტ „.........დან“ თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 10 კგ ნუშის გულს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,......ას“ მიადგა 490 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 4 მაისს, 19:20 საათიდან 20:05 საათის შუალედში, ქ.თ–ში, ..........ის ქუჩა №...-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „..........“ არსებულ ჰიპერმარკეტ „........დან“ თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 12 კგ ნუშის გულს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „..............ს“ მიადგა 588 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 6 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ............ის ქუჩა №..-ში არსებულ ჰიპერმარკეტ „...........დან“ თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 10 კგ ნუშის გულს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „..............ს“ მიადგა 490 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 7 მაისს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, .............ის ქუჩა№..-ში არსებულ ჰიპერმარკეტ „............დან“ თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა 10 კგ ნუშის გულს. აღნიშნული ქმედების შედეგად, შპს „..............“ მიადგა 490 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 25 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ...........ის ქუჩა №..-ში არსებულ ჰიპერმარკეტ „................დან“ თ. ც–ი შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა 7 კგ ნუშის გულს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „...................ს“ შესაძლოა მისდგომოდა 386,37 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 26 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ. თ–ში, ხ–ის ქუჩაზე, მაღაზია „.........“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ც. წ–ს კუთვნილ მუქი ფერის ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო 30 ლარამდე თანხა, დოკუმენტაცია და „ნოკიას“ მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედების შედეგად ც. წ–ს მიადგა 90 ლარის მატერიალური ზიანი. აგრეთვე თ. ც–ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა შ. ჯ–ს კუთვნილ, თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკს, რომელშიც მოთავსებული იყო საფულე მასში არსებული დოკუმენტაციით, 50-ლარიანი კუპიურითა და „აიფონ 4“ მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედების შედეგად შ. ჯ–ს მიადგა 300 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

- 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 00:15 საათზე, ქ. თ–ში, კ. მ–ის ქუჩა №..-ში მდებარე აფთიაქ შპს „...........“, ქ. ჯ–სა და ნ. ყ–ს თ. ც–მ და ლ. ყ–მ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, დანის გამოყენებით მოსთხოვეს ფულადი თანხა და დაეუფლნენ შპს „...........ის“ კუთვნილ თანხას - 250 ლარს. თ. ც–ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ქ. ჯ–სა და ნ. ყ–ს მიადგათ მორალური ზიანი, ხოლო შპს „..........ს“ - 250 ლარის ქონებრივი ზიანი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ც–მ და მისმა ადვოკატმა ა. ხ–მ, ასევე - მსჯავრდებულ ლ. ყ–ს ადვოკატმა მ. ს–მ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ. ც–ს მიმართ დარჩა უცვლელად; შეიცვალა მხოლოდ ლ. ყ–სათვის შეფარდებული სასჯელი, რომელსაც განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 4 წელი მიესაჯა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას თ. ც–სათვის შეფარდებული სასჯელის უკანონობასთან მიმართებით, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ც–ს სანქციით გათვალისწინებული, მინიმალური სასჯელი შეუფარდა, რომლის ნაწილის პირობითად ჩათვლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლისა (ჩადენილი აქვს 7 დამოუკიდებელი დანაშაული) და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით (სწორედ ის დაემუქრა დანით დაზარალებულებს სიცოცხლისა და ჯანმრთელბისათვის საშიში ძალადობით), არ არის მიზანშეწონილი.

10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულ(ებ)ს არ განუცხადებიათ თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, თ. ც–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ც–ს ადვოკატ ა. ხ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი