საქმე # 140100118002675018
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №803აპ-20 ქ. თბილისი
ქ–ე რ., 803აპ-20 15 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:
განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან რ. ქ–ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით; მართალია, დაზარალებულმა სასამართლოში უარი განაცხადა რ. ქ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცებაზე, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება რ. ქ–ს ბრალეულობა.
2. გამართლებული რ. ქ–ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ვ–ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ქ–ს ბრალი ედება ძარცვაში, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, გ.....ს რაიონის სოფელ ......ში მდებარე ა. ქ–ს საცხოვრებელ სახლში, რ. ქ–მ, ძალადობის გამოყენებით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ა. ქ–ს ხელი და ფეხი ერთხელ დაარტყა ტანის და სახის არეში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა ფულადი თანხა - 980 (ცხრაას ოთხმოცი) ლარი, რითაც ა. ქ–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით რ. ქ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა რ. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს - გ. თ–ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარი.
გამართლებულ რ. ქ–ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურება.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენის გაუქმება და რ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ რ. ქ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: დაზარალებულმა ა. ქ–მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და ჩვენება არ მისცა თავისი ახლო ნათესავის, შვილის - რ. ქ–ს წინააღმდეგ. ბრალდების მხარის მიერ მითითებული სხვა მტკიცებულებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება, არ წარმოადგენს რ. ქ–ს ბრალეულობის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებებს, ვინაიდან აღნიშნულ საგამოძებო მოქმედებებში და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული და დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ვერ გადამოწმდა, ინფორმაციის მიმწოდებელი პირველწყაროს - დაზარალებულ ა. ქ–ს მიერ რ. ქ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი თქმის გამო. ხოლო სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის - არც მოწმე გ. თ–ს ჩვენებით და არც დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მისი ჩამტარებელი ექსპერტის - მ. ჭ–ს ჩვენებით უტყუარად არ დასტურდება რ. ქ–ს მიერ ა. ქ–ეზე ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ძარცვის ჩადენის ფაქტი, რადგან მოწმე გ. თ–ე, გარდა იმისა, რომ იგი არ არის შემთხვევის უშუალო შემსწრე პირი და ვერ ადასტურებს ფიზიკური ძალადობისა და ძარცვის ფაქტს, თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ დაზარალებული ა. ქ–ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც, უგონო მდგომარეობაში მყოფს, არ შეეძლო საკუთარი ქმედებების გაკონტროლება, მათ შორის - მოცემულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, დაზარალებული ა. ქ–ე, რომელიც იყო ნასვამი, წაიქცა და ნეკნის არეში მიიღო დაზიანება, ხოლო ექსპერტი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების ხანდაზმულობასთან მიმართებით უთითებს, რომ იგი შესაძლოა, განვითარებულიყო როგორც შემთხვევის წინა დღეს, ისე შემთხვევისაგან განსხვავებულ ვითარებაშიც.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი