საქმე # 330100120003474794
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№800აპ-20 ქ. თბილისი
ა–ი პ., 800აპ-20 13 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს მის შეცვლასა და პ. ა–თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა პ. ა–ის ქმედება, თუმცა არათანაზომიერი და მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ქმედება სასტიკია, იგი მიმართავდა ძალადობის სხვადასხვა ფორმას და მკაცრი სასჯელის გამოყენება იქნებოდა პრევენციული ღონისძიება ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად; გამოყენებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ. ა–ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
- პ. ა–ი მეუღლეზე - ლ. კ–ზე სისტემატურად ძალადობდა ფიზიკურად, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას, კერძოდ: 2019 წლის 3 დეკემბერს, ქ. .........ში, ..........ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, პ. ა–მა მეუღლეს - ლ. კ–ს არაერთხელ დაარტყა ხელები და ფეხები სახისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა; 2019 წლის 10 დეკემბერს, ქ. ......ში, ......ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, პ. ა–მა მეუღლეს - ლ. კ–ს არაერთხელ დაარტყა ფეხი მუცლის არეში და ხელები - სახისა და ტანის არეში, სცემა უმოწყალოდ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; 2019 წლის 27 დეკემბერს, ქ. ......ში, ......ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, პ. ა–მა მეუღლეს - ლ. კ–ს არაერთხელ დაარტყა ფეხები მუცლის არეში, ხელები -სახის, თავისა და ტანის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
- გარდა ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობისა, პ. ა–ი 2019 წლის დეკემბრის თვის განმავლობაში, ქ. .........ში, ............ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, მეუღლეს - ლ. კ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა და მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მიადგა მორალური ზიანი.
3. პ. ა–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით (სისტემატური ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ეპიზოდი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის განაჩენით პ. ა–ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; პ. ა–ს სასჯელი აეთვალა - 2019 წლის 27 დეკემბრიდან.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ცოტნე ცერცვაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და პ. ა–ის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობასა და მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება; პ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 9 თვე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი ჩაეთვალა პირობითად; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ. ა–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; პ. ა–ს სასჯელი აეთვალა - 2019 წლის 27 დეკემბრიდან.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რომელსაც სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა სასამართლომ, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ და დანაშაულის რეციდივი) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პ. ა–ს სამართლიანი სასჯელები შეუფარდა, რომელთა გამკაცრება, დაზარალებულის ლმობიერი პოზიციის მხედველობაში მიღებით, არ არის აუცილებელი; საკასაციო სასამართლო მიუთითებს: არ შეიძლება დამნაშავის მკაცრად დასჯა მხოლოდ პრევენციული მიზნით, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასჯელი თავად გადაიქცევა მიზნად და არა მისი მიღწევის საშუალებად; საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ დანაშაულთა არაერთგზისი რეციდივი სისტემატური ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ სწორედ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გათვალისწინებით აგო მსჯავრდებულმა პასუხი დანაშაულთა ერთობლიობისათვის.
10. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი