Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №804აპ-20 თბილისი

ბ-ე ი., 804აპ-20 22 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ბ-ეს ბრალი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ძარცვაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2018 წლიდან 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, ი. ბ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე თ. კ-ეს სისტემატურად აგინებდა, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. 2019 წლის 5 აგვისტოს, საღამოს, თ-ში, პ. ქ-ის ქუჩის №-ში, ი. ბ-ემ თ. კ-ეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ: მარცხენა თვალსა და ცხვირში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

o 2019 წლის 6 აგვისტოს, დილით, თ-ში, პ. ქ-ის ქუჩის №--ში მდებარე სავაჭრო ჯიხურში, ი. ბ-ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - თ. კ-ის კუთვნილ, „პრაიმის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა 30 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:

· ი. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· ი. ბ-ე, - დაბადებული -- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ი. ბ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სრულად დაემატა დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმა - 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ბ-ეს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 აგვისტოდან. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატმა ნ. მ-მა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; ი. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე და 178-ე მუხლების პირველი ნაწილებით და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას;

o მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატმა ი. თ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ი. ბ-ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ მსჯავრდებაში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი, ხოლო მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად და მისი საჩივრის ნაწილში საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2021 წლის 22 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ადვოკატის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის დაზარალებულ თ. კ-ის ჩვენებითა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ი. ბ-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და არ არსებობს მისი გამართლების საფუძველი, ხოლო დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. ბ-ეს უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) შეფარდებული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად ჩათვლილი 5 წელი, გამოსაცდელი ვადა 5 წელი და საბოლოოდ ი. ბ-ეს უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ადვოკატ ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ი. ბ-ეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის პირველი ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) შეფარდებული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობითად ჩათვლილი 5 (ხუთი) წელი, გამოსაცდელი ვადა 5 (ხუთი) წელი და საბოლოოდ ი. ბ-ეს განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით ი. ბ-ისათვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე