Facebook Twitter

საქმე # 330100119003255460

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №811აპ-20 ქ. თბილისი

კ–ი გ., 811აპ-20 15 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით:

განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს მსჯავრდებულის ბრალეულობას. დაზარალებულ ბ. წ–ს ჩვენების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, ხოლო თვითონ ეს ჩვენება თავდამსხმელი პირის იდენტიფიკაციის (ამოცნობის) ნაწილში აშკარად არადამაჯერებელი და ურთიერთგამომრიცხავია; ფოტოსურათებით ამოცნობა ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, რადგან მსჯავრდებულის სუნის კვალი, მათ შორის - ისეთ ობიექტში, როგორიცაა მითითებული მაღაზია, რომელშიც გ. კ–ი ხშირად შედიოდა, შესაძლოა, დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში, თუ ობიექტი არ დამუშავდება სპეციალური ხსნარებით; მაღაზია „.....“ ვიდეოჩანაწერებიდან არ დასტურდება, რომ თავდამსხმელი პირი არის გ. კ–ი, ვინაიდან ჩანაწერები არ აღმოჩნდა პირის იდენტიფიკაციისათვის ვარგისი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენით გ. კ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

გაუქმდა გ. კ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

მსჯავრდებულ გ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2019 წლის 23 სექტემბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 სექტემბერს, ღამის საათებში, გ. კ–ი იმყოფებოდა .......ში, ..... მე-.. მ/რაიონის, N.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, სს „.....“ მაღაზია „...“, რა დროსაც ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა მაღაზიის თანამშრომელ, ბ. წ–ს, რომელსაც დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, რის შემდეგაც დაეუფლა - 735 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ადვოკატმა, დ. ს–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. კ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ–თვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ბ. წ–ს, მოწმეების - მ. კ–ს, მ. ჯ–ს, მ. მ–ს, შ. ხ–ს, თ. ხ–ს, კ. ჭ–ს, დ. ტ–ს, თ. ს–ს, კ. დ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბინის ჩხრეკის ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, 2019 წლის 27 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

9. საკასაციო სასამართლოს არ აქვს საფუძველი, რომ არ გაიზიაროს დაზარალებულ ბ. წ–ს ჩვენება, ვინაიდან იგი არის დამაჯერებელი, თანმიმდევრული და სარწმუნო, ამასთან, სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცეო მოქმედებები - მათ შორის გ. კ–ს ფოტოსურათებით ამოცნობა ჩატარებულია სისხლის სამარათლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, რომლის არგაზიარების საფუძველი სასამართლოს ასევე არ გააჩნია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს და რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება და იზიარებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი