Facebook Twitter

საქმე # 330100119003171675

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№812აპ-20 ქ. თბილისი

ს–ი ზ., 812აპ-20 13 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ს–სა და მსჯავრდებულების - დ. თ–სა და ზ. ს–ს ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ს–მ და მსჯავრდებულების - დ. თ–სა და ზ. ს–ს ადვოკატმა ო. გ–მ.

2. მსჯავრდებული ზ. ს–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არამედ - ვარაუდებსა და არაპირდაპირ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისათვის; მას სადავოდ არ გაუხდია გ. ბ–ს სახლიდან ფოტოაპარატის შესაძლო ქურდობის ფაქტი, თუმცა სარწმუნოდ ახსნა, როგორ აღმოჩნდა დაზარალებულის ფოტოაპარატი მასთან, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა; მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან ლომბარდში ჩააბარა დაზარალებულის ფოტოაპარატი, უტყუარად არ ამტკიცებს მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს; ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ საკმარისად მიიჩნია მისი დამნაშავედ ცნობისათვის, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაუშვებელი და არაპირდაპირი სამხილია და მისი მტკიცებულებითი წონა არის მცირე.

3. მსჯავრდებულების - დ. თ–სა და ზ. ს–ს ადვოკატი ო. გ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რადგან არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულთა დამაჯერებელი ჩვენებები, მათ შორის ის ფაქტი, რომ შემთხვევის დროს ისინი იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში; ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით გამოირიცხა მსჯავრდებულთა შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნა, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო დ. თ–სა და ზ. ს–ს ბრალეულობას, დაუშვებელია და იმის გათვალისწინებით, რომ არის არაპირდაპირი მტკიცებულებაა, მინიმალური ღირებულება გააჩნია.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით:

- დ. თ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით განსაზღვრული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 150 საათით, რომელიც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით შეცვლილი ჰქონდა ჯარიმით - 1875 ლარით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ. თ–ეს განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1875 ლარი; დ. თ–ეს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 11 ნოემბრიდან.

- ზ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით შეფარდებული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი უნდა მოეხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით და დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 150 საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ს–ს განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათით; ზ. ს–ს სასჯელი აეთვალა 2019 წლის 11 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2018 წლის 5 ივლისიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. თ–მ და ზ. ს–მ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, დ. თ–ე და ზ. ს–ი შევიდნენ ქ. თ–ში, .....ი, .........ს ქუჩა, კორპუსი №..-ში არსებულ №.. ბინაში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ გ. ბ–ს კუთვნილ ,,ნიკონის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 550 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - დ. თ–მ და ზ. ს–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დგინდება დ. თ–სა და ზ. ს–ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს (რომლებიც დიდწილად მეორდება საკასაციო საჩივრებშიც) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება; საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება დ. თ–სა და ზ. ს–ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ, ერთი მხრივ, დაზარალებულ გ. ბ–ს, მოწმეების - ზ. დ–ს, ს. ბ–სა და ლ. კ–ს გამოკითხვის ოქმებით, ნივთის ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულის ფოტოაპარატი, რომელიც მისი საძინებლიდან მოიპარეს, სწორედ ზ. ს–მ ჩააბარა მეორეული ტექნიკის მაღაზიაში, რაც, თავის მხრივ, არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ დგინდება, რომ დაზარალებულის საძინებლიდან, საწოლის გვერდით, იატაკიდან ამოღებული სუნის ნიმუში იდენტურია მსჯავრდებულების სუნის ნიმუშებისა, რაც პირდაპირ მიუთითებს დ. თ–სა და ზ. ს–ს შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და ქურდობის ფაქტზე, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ფაქტებიდან; საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის მართებული კასატორთა მითითება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმთავითვე არასანდო მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, ამ ტიპის საექსპერტო კვლევისადმი მათი სკეპტიკური დამოკიდებულების გამო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. თ–სა და ზ. ს–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არის გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილია საქმეზე დაზარალებულად ცნობილი გ. ბ–ს თანხმობა მსჯავრდებულ ზ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე და განმარტავს: „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ყურადსაღებია, რომ, ერთი მხრივ, ზ. ს–ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით იყო ნასამართლევი, ხოლო, მეორე მხრივ, იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ვინაიდან მას სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის - ერთიანი სასჯელის სახით, ზ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება.

12. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს: იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ ზ. ს–ს მიმართ არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, სასამართლო არ მიიჩნევს საჭიროდ იმსჯელოს იმ საკითხზე, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის აღსრულების წინაპირობებია - მიყენებული ზიანის ანაზღაურება და თითოეული დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე და შესაძლოა თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი დაზარალებულის განცხადება საფუძვლად დასდებოდა „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ს–სა და მსჯავრდებულების - დ. თ–სა და ზ. ს–ს ადვოკატ ო. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი