საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№819აპ-20 ქ. თბილისი
ლ-ი გ-ი, 819აპ-20 21 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით გ. ლ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 2000 ლარი, სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით – ჯარიმა 3000 ლარი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 2000 ლარი და გ. ლ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 4 დეკემბრიდან. მასვე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ლ-მა ჩაიდინა: მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა გ. ლ-მა 2019 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 10:00 საათიდან 19:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე გ. დ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, იმავე სახლის ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გიორგი დუღაშვილის კუთვნილ, 30 ლარად ღირებულ, „აიფონ 4-ის“ ფირმის ერთ მობილურ ტელეფონს, 300 ლარად ღირებულ ერთ ძველებურ სურას, 5 ლარად ღირებულ ერთ ვერცხლის ჯვარს იესოს გამოსახულებით, ასევე – ჯამურად 3 ლარად ღირებულ შემდეგ ნივთებს: ერთ ძეწკვს, ფოთლის ფორმის ერთ კულონს წარწერით – „BE FRI“ ძეწკვით, მოყვითალო ფერის ქვის ნაკეთობას, გაწყობილს მცირე ზომის 6 ყავისფერი ქვით და მასზე დამაგრებულ ბრტყელი ფორმის საკიდს, წარწერით – „BEST“ და ამ საკიდზე დამაგრებულ, ვერცხლისფერი ბურთულებით შეკრულ ძეწკვს. გ. ლ-მა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გიორგი დუღაშვილს ჯამურად მიაყენა 338 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ. ლ-ი თავის საცხოვრებელ სახლში (ქ. თ-ი, ა-ა --ის დასახლება, ნ. დ-ის 1-ლი ჩიხი, სახლი №-) უკანონოდ ინახავდ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას – გამომშრალ მარიხუანას, რომლის საერთო წონა შეადგენდა 90,26 გრამს, რაც ამოიღეს 2019 წლის 4 ნოემბერს, 21:20 საათიდან 21:58 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემცირებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. ლ-ს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, პალატა მსჯელობს ამ მუხლით შეფარდებული სასჯელის შემცირების თაობაზე და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. ლ-ს, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით დადგენილი კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი უკვე გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გ. ლ-ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის 1-ლი–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, თუმცა ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა და, ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება გ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებულ ჯარიმებზე. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ვერ გავრცელდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებულ ჯარიმაზე.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება ასევე ვერ გავრცელდება გ. ლ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელებზე, რადგან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გარდა, გ. ლ-ს ერთიანი სასჯელები დანიშნული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენის გამოტანის დროს იგი იყო ნასამართლევი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი