Facebook Twitter

საქმე # 120100120003578349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №829აპ-20 ქ. თბილისი

ლ–ი ლ., 829აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენით ლ. ლ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით , რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი.

გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ლ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლების თანახმად, პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ლ–მ ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტით.

ლ. ლ–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, .............ის რაიონის, დაბა ..........ში, აღმაშენებლის ქ. N..-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,.....ში’’, ლ. ლ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ერთი ლიტრი ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს მარკირებით ,,OLMECA GOLD’’, რითაც დაზარალებულს მიაყენა 126 ლარის ზიანი.

- 2020 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ........ის რაიონის დაბა .........ში, ...................ის ქ. N..-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარში’’, ლ. ლ–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა: 0.7 ლიტრი ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, მარკირებით ,,HENNESSY V.S.O.P.’’, 0.7 ლიტრი ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს მარკირებით ,,ASKANELI XO’’, 0.75 ლიტრი ტევადობის ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, მარკირებით ,,Glenfiddich’’, ერთ ცალ 200 - გრამიან თხილის ნაკრებს, დასახელებით ,,TADIM’’, ერთ ცალ 0355 ლიტრი ტევადობის ენერგეტიკულ სასმელს მარკირებით ,,Red Bul’’ და ერთ ცალ მუყაოსაგან დამზადებულ სასაჩუქრე პარკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 664 ლარისა და 25 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ლ. ლ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას. კასატორს მიაჩნია, რომ ლ. ლ–ისთვის განსაზღვრული ლმობიერი სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ფაქტორი, რომ მან მომავალაში კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული. ამასთან, მსჯავრდებულმა დროის მოკლე პერიოდში ჩაიდინა ანგარებითი ხასიათის განზრახი დანაშაულები, ხოლო დაზარალებულს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ. ლ–ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიუთითებს, რომ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, (მსჯავრდებულმა ჩაიდინა არაძალადობრივი ხასიათის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), ასევე მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით - მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიღწევას.

3. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის (გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ... გათვალისწინებული დანაშაული) თანახმად, ლ. ლ–ი, რომელიც არის ნასამართლობის არმქონე, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისგან, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით.

4. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულ ლ. ლ–ის მიმართ გავრცელდეს ამნისტია, მისთვის სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. ლ. ლ–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და შეფარდებული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან;

4. ლ. ლ–ს მოსახდელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი