Facebook Twitter

საქმე # 050100119002982089

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №830აპ-20 ქ. თბილისი

თ–ი ი., 830აპ-20 21 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ი. თ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი; ამასთან, სასამართლოში ი. თ–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, რისი გათვალისწინებითაც, მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას; გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიციაც, რომელიც მოითხოვს მის მკაცრად დასჯას.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენით ი. თ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 3 (სამი) თვით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულ ი. თ–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 3 (სამი) თვით.

მსჯავრდებულ ი. თ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 ივნისიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. თ–მ ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება; პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ი. თ–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- ი. თ–მ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9 მმ ნომინალური კალიბრიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი და აღნიშნული პისტოლეტისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 9 მმ კალიბრიანი 3 ვაზნა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და ატარებდა 2019 წლის 19 მარტს ........ის მუნიციპალიტეტის სოფელ .......ში გადაადგილებისა და პოლიციელზე, აგრეთვე მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის დროს.

- 2019 წლის 19 მარტს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ........ის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები - ი. გ–უ და დ. გ–ე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ახდენდნენ პატრულირებას .........ის მუნიციპალიტეტში, მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ........ დაახლოებით 22:30 საათზე, ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ......ში პატრულირებისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციის თანამშრომლებმა - ი. გ–მ და დ. გ–მ შეაჩერეს ,,ვაზ 2107’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ....., რომელსაც მართავდა მძღოლი გ. ხ–ე. ავტომანქანაში ასევე ისხდნენ მძღოლის გვერდით წინა სალონში - ნ. ც–ე, ხოლო უკანა სალონში, მარჯვნივ - ი. თ–ი. საპატრულო პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანიდან ჩამოვიდა დ. გ–ე, რომელიც მივიდა მძღოლ გ. ხ–სთან და მოსთხოვა დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმება, ხოლო სამსაურებრივ ავტომანქანაში დარჩა ი. გ–ე. ამ დროს ,,ვაზ 2107’’ მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა მგზავრი ი. თ–ი, რომელიც განაწყენდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებით, რომ ის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდა, შეაჩერეს, მძღოლს კი მოსთხოვეს დოკუმენტაცია და ალკოტესტზე შემოწმების გავლა და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა საპატრულო პოლიციის მანქანაში მყოფ პატრულ- ინსპექტორს - ი. გ–სა და მის სატრანსპორტო საშუალებას, რა დროსაც 9 მმ კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ი. გ–ისა და ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანის მიმართულებით, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას კიდევ ორჯერ გაისროლა სატრანსპორტო საშუალების - ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის სამსახურებრივი ავტომანქანისა და ავტომანქანის საჭესთან მჯდომი ი. გ–ის მიმართულებით. ი. თ–მ თავდასხმის შედეგად განზრახ დააზიანა ,,ტოიოტა ჰაილუქსის’’ მარკის, N ........ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის ძრავის სახურავი.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი. თ–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივლისის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ი. თ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, რისი გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი