Facebook Twitter

საქმე # 110100120003433122

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №831აპ-20 ქ. თბილისი

წ–ე გ., 831აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამართლებულ გ. წ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, მათ შორის - მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების - ვ. გ–ს, მ. კ–ისა და სასწრაფოს ექიმის, მოწმე ი. ძ–ის ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. წ–ს ბრალეულობა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. წ–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზ–ის რაიონის სოფელ ..........ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, გ. წ–მ, განაწყენების ნიადაგზე, თავის არეში ხელი დაარტყა მეუღლეს - ა. ჯ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენით გ. წ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ გ. წ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვახტანგ ნიქაბაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გამართლებულ გ. წ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და თავისუფლების აღკვეთის სახით მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. წ–ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შემთხვევის უშუალო შემსწრე პირებმა - დაზარალებულმა ა. ჯ–მ, ასევე მოწმეებმა - დ. ჯ–მ და ლ. წ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის - გ. წ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს, არცერთი ეს პირი არ არის შემთხვევის შემსწრე, ისინი გადმოსცემენ დაზარალებულ ა. ჯ–სგან მიღებულ იფორმაციას და ამდენად, წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რის გამოც ვერც ეს მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო გ. წ–ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ნიქაბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი