საქმე # 110100119003381523
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №832აპ-20 ქ. თბილისი
მ–ი გ., 832აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ო–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად შეიძლებოდა დადგენილიყო, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულ ი. ვ–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არის სწორედ დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა გ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც არ დასტურდება მსჯავრდებულის ბრალეულობა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ–ს ბრალი დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ. მ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 31 ოქტომბერს, ...........ს მუნიციპალიტეტის სოფელ ..........ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა გ. მ–მ ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ი. ვ–ზე, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ი. ვ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2019 წლის 31 ოქტომბერს ......ის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი გ. მ–ი მეუღლეს - ი. ვ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სახლში გამოწვით, რის შედეგადაც ი. ვ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს.
გამართლებულ გ. მ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში.
გ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ–ს 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 2 ნოემბრამდე სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გ. მ–ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულება და კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას მსჯავრდებულ გ. მ–ს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებაში მტკიცებულებათა არასაკმარისობის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ი. ვ–მ ისარგებლა მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ წარმოადგინა სხვა პირდაპირი მტკიცებულებებიც, მათ შორის: პირდაპირი მოწმეების - უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - კ. ქ–ისა და ვ. კ–ს ჩვენებები, რომლებიც დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდენ შემთხვევის ადგილზე და შემდეგ უშუალოდ შეესწრენ მუქარის ფაქტს, რა დროსაც გ. მ–ი, რომელიც იყო მთვრალი, გამოხატავდა აგრესიას თავისი მეუღლის მიმართ და მათი თანდასწრებით აგინებდა მას. გ. მ–ი მეუღლისგან მოითხოვდა სახლიდან წასვლას და მისკენ დასარტყმელად იწევდა, თან ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა და დაწვავდა სახლთან ერთად. მათივე ჩვენებით დგინდება, რომ როგორც დაზარალებულმა ი. ვ–მ განუმარტათ, მეუღლის სიმთვრალის გათვალისწინებითა და მისი ქმედებებიდან გამომდინარე, დაზარალებულს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რომ მას მეუღლე მართლაც მოკლავდა, რასაც დამატებით ასევე ადასტურებს „112-ში“ განხორციელებული შეტყობინებაც, საიდანაც ირკვევა, რომ „112-ში“ შეტყობინება დატოვა პირადად დაზარალებულმა ი. ვ–მ, რომ მისი მეუღლე იყო ნასვამი და სახლს უკიდებდა ცეცხლს. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი