საქმე # 110100119003039715
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №833აპ-20 ქ. თბილისი
ბ. ბ. 833აპ-20 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - თამარ ო-მ, რომლებიც საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით:
- საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ., - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღვეთა;
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ბ. ბ-ს (დანაშაულთა ერთობლიობით), საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
ბ. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 16 მარტიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ:
- 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ. ბ. ქ.ზ-ში, ა-ს ქუჩის №..-ში მცხოვრებ რ. ც-ს საცხოვრებელი სახლიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ც-ს კუთვნილ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც იმავე დღეს მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ქ.ზ-ნში, თ. მ-ს ქუჩაზე. „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2019 წლის 16 მარტს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
- 2019 წლის 16 მარტს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ბ. ბ-მ შეაღწია ქ. ზ-ში, ა-ს ქუჩის N..-ში მცხოვრებ რ. ც-ს საცხოვრებელ სახლში, დააზიანა ლითონის საცავი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ. ც-ს კუთვნილ, 600 ლარად ღირებულ „TT-C“ სისტემის პისტოლეტს, თავისივე მჭიდით, რაც 2019 წლის 16 მარტს ..........ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბ. ბ., ითვლებოდა რა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევ პირად, 2019 წლის 16 მარტს ქ.ზ-ში, თ. მ-ს ქუჩაზე, ატარებდა ცივ იარაღს – მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების დასაკეც, ტურისტული ტიპის დანას, რაც 2019 წლის 16 მარტს ...........ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
- 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 20:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბ. ბ. მივიდა ქ.ზ-ში, თ. მ-ს ქუჩის №…-ში მდებარე ...........ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც თავს დაესხა შენობის პირველ სართულზე მყოფ ოპერატიულ მორიგეს - ..........ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ. მ-ს და ამავე სართულზე მყოფ .........ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. შ-ს, კერძოდ: „TT-C“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პოლიციის მუშაკებს - რ. მ-სა და გ. შ-ს. ბ. ბ-ს დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთეს ..........ის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა და იგი დააკავეს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რის შედეგადაც მივიდა არასწორ კვალიფიკაციამდე. საქმეზე გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები სასამართლომ გამოიკვლია კანონის არსებითი დარღვევით. აღნიშნული ჩანაწერების გამოკვლევის სრული სურათი სასამართლომ არ აღწერა გადაწყვეტილებაში. ვიდეოჩანაწერები სწორი შეფასების შემთხვევაში სრულად არის თანხვდენილი მსჯავრდებულის ჩვენებასთან, კერძოდ: მან იარაღი ნახა თავის სახლში, გადაწყვიტა პოლიციისათვის ჩაებარებინა, რა მიზნითაც წაიღო, მივიდა პოლიციის განყოფილებაში და წარუდგინა მათ.
დაცვის მხარის შეფასებით, ვიდეოჩანაწერებში ასევე კარგად ჩანს, სამორიგეო ნაწილში შესვლისას როგორი კეთილგანწყობით ესალმება ბ. ბ. პოლიციელებს, შემდეგ ესაუბრება რამდენიმე წამს, ამის შემდეგ იღებს იარაღს ქურთუკის ჯიბიდან, მაგრამ კი არ იშვერს მათი მიმართულებით, არამედ ახდენს ვიზუალიზაციას, აჩვენებს. ამის შემდეგ პოლიციელები რ. მ. და გ. შ. დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ძალიან მშვიდად გადაადგილდებიან, რ. მ. გამოდის მორიგის მაგიდიდან, მიდის ბ. ბ-თან, მაგრამ არავითარ მოქმედებას არ ასრულებს, აკვირდება იარაღს, ასევე გვერდითი მაგიდიდან მოდის გ. შ., რომელიც ანალოგიურად, ძალიან მშვიდად აკვირდება სიტუაციას და აშკარად ჩანს, რომ არავითარ თავდასხმას ან რაიმე აგრესიულ აქტს მსჯავრდებული არ ახორციელებს. 1 წუთზე მეტის გასვლის შემდეგ რ. მ. ცდილობს, გამოართვას და არა წაართვას იარაღი ბ. ბ-ს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობს იარაღი გასწიოს უკან და არა პოლიციელების მიმართულებით. სწორედ ამის შემდგომ ართმევენ მას იარაღს და აკავებენ.
8. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის მიხედვით დაცვის მხარის მოცემული მსჯელობა არ დასტურდება. 2019 წლის 16 მარტის ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ ბ. ბ. 20:19 საათზე გადმოდის ტაქსიდან და შედის პოლიციის სამმართველოს შენობაში. პოლიციის თანამშრომელთან რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ამოაქვს იარაღი და პოლიციის თანამშრომლისაკენ მიმართული უჭირავს, ესაუბრება რამდენიმე წამს, პოლიციის მეორე თანამშრომელი ცდილობს გამოართვას იარაღი, ბ. ბ. წინააღმდეგობას უწევს და არ აძლევს იარაღს. პოლიციის თანამშრომელი, რომლისკენაც ბ. ბ-ს ჰქონდა იარაღი მიმართული, დგას იქვე და უყურებს რამდენიმე წამი, შემდეგ რეკავს ტელეფონზე, ჩამოდიან პოლიციის სხვა თანამშრომლები. ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები ძალის გამოყენებით აკავებენ ბ. ბ-ს და ართმევენ იარაღს.
9. დაცვის მხარე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა ვიდეოჩანაწერის ხელახლა გამოკვლევის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა, რითაც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 38-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა ვიდეოჩანაწერების ავთენტურობის ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რითაც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 38-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები.
10. საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვიდეოჩანაწერის მოპოვებისას და გამოკვლევისას კანონის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა. ვიდეოჩანაწერები გამოთხოვილ იქნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინების საფუძველზე. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით - ..........ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები, 2019 წლის 16 მარტის 20:00 საათიდან 21:00 საათამდე, 16 ფაილად, 2 ცალ “DVD” დისკზე, რომელიც დაილუქა N… ლუქის ბეჭდით. აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სასამართლომ დაათვალიერა, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ...........ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - ლ. პ. (პირი, ვინც მოიპოვა აღნიშნული ვიდეოჩანაწერები).
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. ხოლო „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით, გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რასაც სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, როგორც მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე უარყოფის შემთხვევაში. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18). შესაბამისად, სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ეჭვი შეეტანა წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობაში. იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში და ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება N504აპ-20; 2021წლის 2 მარტის განჩინება №630აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 640აპ-20; 2021 წლის 1 მარტის განჩინება N 621აპ-20).
13. მსჯავრდებული ბ. ბ. საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ არანაირი შეხება არ აქვს ნარკო-ფსიქიატრიული დისპანსერიდან პარანოიდული შიზოფრენიის(..) შესახებ წარმოდგენილ ცნობასთან. მის საქმეში დევს 2017 და 2019 წლების ლ. ს-ს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობები.
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულის მითითებას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შპს ................ ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გ. მ-ს 2019 წლის 4 აპრილის წერილის თანახმად, ბ. ბ. 2019 წლის 11 თებერვლიდან იმყოფება ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე, .......... ამბულატორიულ განყოფილებაში, დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია.
ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 ივლისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნით დასტურდება, რომ ბ. ბ. დაავადებულია არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით - ორგანული პიროვნული აშლილობით (კოდი - … დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი.
15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე