Facebook Twitter

საქმე # 330100119003091720

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №835აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი გ., 835აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. მ–ს გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 ივნისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 იანვრის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე აღნიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სასჯელის მოხდა დაასრულა 2018 წლის 19 ნოემბერს.

2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქ. თ–ში, ...........ის გამზირზე სავაჭრო ცენტრ ,,......“ მიმდებარედ, გ. მ–მ გააჩერა ტაქსი - გ. ს–ს მართვის ქვეშ მყოფი ,,ტოიოტა“-ს მარკის ავტომობილი (სახ. ......) და მძღოლს უთხრა წასულიყო .......ის მიმართულებით. მგზავრობისას, გ. ს–მ, გ. მ–ს მოთხოვნით, გადაუხვია ...........ის ქუჩაზე, ასევე ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად ავტომობილი გააჩერა ერთ-ერთ ჩიხში და გადმოვიდა ავტომობილიდან. ჯერ კიდევ ავტომობილში ყოფნისას, გ. მ–მ უთხრა გ. ს–ს, რომ იგი იყო რამდენიმეჯერ ნასამართლევი ყაჩაღობისთვის და ციხიდან იყო ახალი გამოსული.

ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, გ. მ–მ გ. ს–ი შეიყვანა სადარბაზოს მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ ეზოში, რის შემდეგაც, ხელი მიიდო ზურგს უკან მარჯვენა მხარეს და უთხრა მას, რომ ჰქონდა იარაღი და სასწრაფოდ ჭირდებოდა 200 ლარი და თუ არ სურდა მისთვის გაეხვრიტა თავი, უნდა მიეცა აღნიშნული თანხა. გ. ს–მ უთხრა მას, რომ ჰქონდა მხოლოდ 30 ლარი, პარალელურად გ. მ–ი კვლავ აგრძელებდა მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. გ. ს–მ რეალურად აღიქვა მის მიმართ განხორციელებული მუქარა, ამოიღო საფულე და აჩვენებდა გ. მ–ს, რომ გარდა 30 ლარისა მასში სხვა თანხა არ იყო. გ. მ–მ თავისივე ხელით ამოიღო საფულიდან 30 ლარი, რის შემდეგაც უთხრა, რომ თანხა არ იყო საკმარისი და მისთვის მიეცა მობილური ტელეფონი, თორემ მოკლავდა, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ ავტომობილში და გ. ს–მ 520 ლარად ღირებული მისი ,,......“-ის მარკის მობილური ტელეფონი გადასცა გ. მ–ს.

აღნიშნულის შემდეგ, გ. ს–მ გ. მ–ს სთხოვა მისთვის დაებრუნებინა ტელეფონში მოთავსებული სიმ-ბარათი, რადგან მობილურის ნომრის გარეშე მუშაობას ვერ შეძლებდა, ხოლო მისთვის სიმ-ბარათი სრულიად გამოუსადეგარი იყო. ვინაიდან სიმ-ბარათის ამოსაღებად საჭირო იყო სპეციალური ნემსი, გ. მ–მ ტელეფონი დროებით გადასცა გ. ს–ს, მოსთხოვა მას, რომ წაეყვანა .....ში, ......ის მიმდებარედ, ხოლო დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ამოეღო სიმ-ბარათი და ტელეფონი დაებრუნებინა მისთვის, რადგან უკვე იყო მისი საკუთრება. გზად, ......ის ქუჩაზე მოძრაობისას, პოლიციელის მიერ შეჩერებული იქნა გ. ს–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი, რადგან მის მგზავრს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი. გ. მ–ი კვლავ დაემუქრა გ. ს–ს, რომ პოლიციელისთვის არაფერი ეთქვა, თორემ მოკლავდა. მოგვიანებით პოლიციელმა გ. ს–ს მოსთხოვა ავტომობილიდან გადმოსვლა. მანქანიდან გადმოსულმა გ. ს–მ დაინახა კიდევ სხვა პოლიციის თანამშრომლები და თავი იგრძნო უსაფრთხოდ, რის შემდეგაც უთხრა ერთ-ერთ მათგანს, რომ იყო ტაქსის მძღოლი და მისმა მგზავრმა მოკვლის მუქარით გასტაცა თანხა, აღნიშნულის შემდეგ გ. მ–ი დაკავებულ იქნა.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. მ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 ივნისიდან.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ( მათ შორის დაზარალებულის მამხილებელი ხასიათის პირდაპირი ჩვენება, მოწმეების გ. ხ–ის და ლ. გ–ის ჩვენებები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი - მსჯავრდებულისგან პირადი ჩრეკის შედეგად ამოღებული იქნა თანხა დაზარალებულის მიერ მითითებული ოდენობით და ნომინალის მქონე კუპიურებით).

8. 2019 წლის 6 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის №..... დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი გ. ს–ს კუთვნილი ,,......, Model: Mi A1”-ს საბაზრო საცალო სარეალიზაციო ღირებულება, წარმოდგენილი სახით, ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს - 70 ლარს.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს; მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და დარღვევა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენას და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განაჩენის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი.

10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე