Facebook Twitter

საქმე # 330100120003460395

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №834აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი ნ., 834აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატზ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ტ–მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და ნ. მ–თვის უფრო მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის ან პირობითი მსჯავრის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენით ნ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 24 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს, დღის საათებში, ქ.თ–ში, ......... ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გ. თ–ს მობილური ტელეფონის ......... ნომერზე მობილური ტელეფონის ............. ნომრიდან დაუკავშირდა ნ. მ–ი და ესაუბრებოდა ინტიმურ საკითხებზე, რა დროსაც გადააგზავნინა ასევე ფოტოსურათიც. აღნიშნულის შემდეგ, რამდენიმე საათში, ნ. მ–ი გ. თ–ს დაემუქრა, რომ თუ იგი მას 1500 ლარს არ გადასცემდა, გაუსაჯაროვებდა მასთან ჩაწერილ ინტიმური ხასიათის საუბარს. 2019 წლის 23 და 24 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ნ. მ–ი გ. თ–ს და მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა, რის გამოც გ. თ–მ მის მიერ მიწოდებულ მისამართზე დაუტოვა ფულადი თანხა - 100 ლარი, რაც მალევე აიღო ნ. მ–მ.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრებით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ნ. მ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას ან მისი ჯარიმით შეცვლას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ultima racio ხასიათს, ასევე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინდივიდუალურ მახასიათებლებს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის ხერხს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობას, ინტიმურ სფეროს მიკუთვნებულ საკითხთა დაცულობის ხარისხს, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნ. მ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ხანგრძლივობა და დაუსაბუთებლად მიაჩნია დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების - ჯარიმის ან პირობითი მსჯავრის - გამოყენების თაობაზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე