Facebook Twitter

საქმე # 080100119002845352

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №839აპ-20 ქ. თბილისი

ზ–ი მ.,839აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ–ის და ტ. კ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენით, მ. ზ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ. ზ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით 5 წლით აეკრძალა იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მ. ზ–ი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 16 დეკემბრიდან.

2. მ. ზ–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

-მ. ზ–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი), რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. .........ში, ........... ქუჩაზე განთავსებულ ე.წ. „.......... სასაფლაოზე“.

- 2018 წლის 30 სექტემბერს, ..............ში, ........... ქუჩაზე განთავსებულ ე.წ.

„............. სასაფლაოზე“, დაახლოებით 09:30 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, მ. ზ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს.

- 2018 წლის 30 სექტემბერს, ქ. ...........ში, ........ ქუჩაზე, დაახლოებით 09:30 საათიდან10:30 საათამდე პერიოდში, მ. ზ–ია და გ. ს–ს შორის მოხდა კამათი, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ერთმანეთს. არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, ლ. ო–სა და ა. გ–სთან ერთად ისინი მივიდნენ ქ. ...........ში, ........ ქუჩაზე განთავსებულ ე.წ. „....... სასაფლაოზე“, სადაც მ. ზ–ია და გ. ს–ს შორის არსებული კამათი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მ. ზ–მ ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ორი გასროლა. მეორე გასროლისას, მოკვლის განზრახვით, გ. ს–ს თავის არეში მიბჯენით მიაყენა თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრვალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მ. ზ–ი დანაშაულის ჩადენის იარაღით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ზ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ყ–მ და ტ. კ–მა, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებას და მ. ზ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. ზ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. ყ–მ და ტ. კ–მა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ზ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; დამნაშავედ ცნობას გაუფრთხილებელი დანაშაულისა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, მკაცრი და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მ. ზ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის - განზრახ მკვლელობის ჩადენას და არც საქმეში მოიპოვება აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).

8. საკასაციო სასამართლო გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია მ. ზ–ის მიერ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტი.

9. კასატორის მოსაზრებით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება მ. ზ–ის მიერ გ. ს–ის განზრახ მკვლელობა. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა თვით ბრალდების მხარის ორმა მთავარმა მოწმემ და შემთხვევის დროს უშუალოდ ადგილზე მყოფმა ა. შ–მ (იგივე ა. გ–მ) და ლ. ო–მ განაცხადეს რომ მ. ზ–ი არ ჰქონდა გ. ს–ის მოკვლის განზრახვა, მათი ჭიდავის დროს მოხდა მათგან დამოუკიდებლად იარაღიდან გასროლა, რა დროსაც დაიღუპა გ. ს–ე.

10. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოცემულ მსჯელობას. რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მ. ზ–ის მხრიდან გ. ს–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი. ამასთან, ქმედების განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციისთვის არ არის სავალდებულო, პირს ჰქონდეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი, საკმარისია, რომ მას გაცნობირებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა)(იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის 749აპ-18 გადაწყვეტილება). ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ მოწმეთა მითითება მ. ზ–ია და გ. ს–ს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს იარაღის გასროლის შესახებ გამორიცხავს მისი მოკვლის სურვილსა და შესაბამისად, მკვლელობის განზრახვას, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

11. დაცვის მხარის შეფასებით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოძახებული მოწმის - დ. ბ–ის მიცემული ჩვენება გამოძიებაში და სასამართლოში არ უნდა იქნეს გაზიარებული. რადგან მის მიერ მითითებულ ფრაზას „არ მომკლა, ნუ მომკლავ“ არ ადასტურებენ უშუალოდ ჩხუბის და ჭიდაობის დროს იქ მყოფი ორი პირდაპირი ბრალდების მოწმე, ა. შ–ი და ლ. ო–ა.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რადგან მოწმე დ. ბ–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე, მივიდა .......... სასაფლაოზე საფლავების დასასუფთავებლად, .........ის ჩიხით შევიდა. დაასუფთავა რამდენიმე საფლავი, მაგრამ არანაირი ხმაური არ გაუგია. რამდენიმე საფლავის დასუფთავების შემდეგ დასასვენებლად ჩამოჯდა, დაახლოებით იქნებოდა 08:30 – 09:00. ამ დროს გაიგონა დაახლოებით ორი-სამი მამაკაცის ხმამაღალი საუბარი, ყვირილი და გასროლის ხმა, ორი-სამი წუთის შემდეგ კი სიტყვები - „არ მესროლო, არ მომკლაო“, რასაც მოჰყვა მეორე გასროლა. ვინაიდან, მუშაობა უკვე დასრულებული ჰქონდა და თან შეეშინდა, სახლში წავიდა.

13. ამასთან, ა. გ–ის ჩვენებით დგინდება, რომ „სასაფლაოზე მისვლის დროს დაინახეს ვიღაც ქალი, რომელიც არ იცის ვინ იყო, ოღონდ მოშორებით. როდესაც შევიდნენ და დაიძახეს ხმა გააგონეს მ. ზ–ი და მისი ხმაც გაიგეს. ანუ იმ ადგილიდან ხმა ისმოდა.“ შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს დ. ბ–ის შემთხვევის ადგილთან ახლოს ყოფნას და მის მიერ იმ ფრაზის გაგებას, რასაც მოწმე თავის ჩვენებაში უთითებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ–ს ჩვენება არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, არ არის გამოკვეთილი იმგვარი გარემოებები რაც, საეჭვოს გახდიდა მის სანდოობას. არც დაცვის მხარე უთითებს და არც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილა რაიმე გარემოება, რაც დ. ბ–ს შესაძლო მიკერძოებაზე მიუთითებდა.

14. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მ. ზ–ის მიერ გ. ს–ის განზრახ მკვლელობის ფაქტი არ დასტურდება საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით და არც თვითონ ამ ექსპერტების - გ. გ–ს, ზ– გ–ს და თ. კ–ის მიერ მიცემული ჩვენებებით. რადგან ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე და გადასაწყვეტ საკითხებზე ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა პასუხი გაცემული.

15. სასამართლო მიუთითებს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №.............. დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ მასრაზე (..........) აღინიშნებოდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები, ხოლო ვაზნაზე (..........) დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნებოდა. გ. ს–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის ფრჩხილების ფრაგმენტებზე, ასევე მისი მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან აღებულ ანაწმენდებზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნებოდა.

ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის №........... დასკვნით დადგენილია, რომ გ. ს–ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით. გ. ს–ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალას ღრუში, შესავალი ხვრელით თხემის მიდამოში მარჯვნივ, ტერფის ძირიდან 176 სმ-ის დაშორებით, თავის ქალას რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების ხაზოვანი და მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, ჭრილობის არხის დასაწყის ნაწილში ალისფერი სისხლჩაქცევებით, რომელიც მიყენებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ამავე დასკვნის თანახმად, სროლა ნაწარმოებია მიბჯენით, ჭრილობის არხის მიმართულებით მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, ოდნავ წინიდან უკან.

16. ექსპერტმა ზ. გ–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ „დასკვნაში კატეგორიულად წერია, რომ გასროლა ნაწარმოებია მიბჯენით“ (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის სხდომის ოქმი 17:11:55 საათი), ექსპერტმა „არ იცის როგორ განვითარდა მოვლენები მანამდე, მაგრამ გასროლის მომენტში იარაღის ლულა და ადამიანის სხეულის ნაწილი იმყოფებოდნენ ერთმანეთთან კონტაქტში (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის სხდომის ოქმი 17:13:19 საათი).

ექსპერტმა გ. გ–მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეული იქნა გ. ს–ის თავის ქალის ღრუ, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ თავის ქალაზე, თხემის ძვლის შესაბამისად, აღინიშნებოდა მომრგვალო ფორმის ძვლის დეფექტი, რომლის ირგვლივაც აღინიშნებოდა მოშავო-მორუხო ფერის ნადები. ეს იყო დენთის კვალი, იარაღის ლულიდან ტყვიის გასროლის შედეგად გამოტყორცნილი ჭვარტლის ნადები, რაც არის მიბჯენით გასროლისათვის დამახასიათებელი პირველი ნიშანი. ეს დენთის კვალი სხვანაირად არ წარმოიშობოდა, თუ არა მიბჯენით გასროლის შედეგად, შორი მანძილიდან სროლის შემთხვევაში ასეთი კვალი არ დარჩებოდა (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი17:20:52). ამასთან, თავის ტვინის ნივთიერებაში აღინიშნებოდა ალისფერი სისხლჩაქცევა, რაც ასევე არის მიბჯენით სროლის ნიშანი (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი,17:22:15 საათი). იარაღი ნასროლია მიბჯენით და ექსპერტიზა არ ადგენს რამდენი სანტიმეტრით იყო დაშორებული იარაღი (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი,17:25:04 საათი). გ. ს–ს ჰქონდა ასევე სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებებით დადასტურებულია რომ მ. ზ–მ გ. ს–ის მიმართ განახორცილა მიბჯენით გასროლა. ექპერტთა წინაშე დასმულ კითხვებზე და გადასაწყვეტ საკითხებზე ექსპერტთა დასკვნებითა და მათ მიერ მიცემული ჩვენებებით ყველა კითხვაზე სრულად იქნა გაცემული პასუხი.

18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ. ზ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დ. ბ–ს, ა. გ–ის, ლ. ო–ს, გ. ო–ს, გ. ხ–ს, ლ. გ–ს ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

19. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ზ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების გ. ყ–ის და ტ. კ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ.თადუმაძე