Facebook Twitter

¹ბს-1295-870(კ-05) 29 მარტი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოსარჩელეები): ი. ბ.-ე, მ. კ.-ე, ნ. ბ.-ე, ლ. ა.-ე, ნ. დ.-ე, თ. ც.-ე, ი. ა.-ე, თ. ა.-ე, წარმომადგენელი _ ნ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტი, წარმომადგენელი ო. ფ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის ივლის-აგვისტოში მოსარჩელეებმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ბათუმის ... უნივერსიტეტის რექტორის 1997 წლის 28 აგვისტოს ¹1-40 და საგამოცდო კომისიის 2003 წლის 18 დეკემბრის ¹3-133 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. საქმის განხილვისას მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა გაზარდეს და მოითხოვეს ასევე: უნივერსიტეტის ...-ის ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილების კურსდამთავრებულებზე ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შესახებ ... საგამოცდო კომისიის 2003 წლის 22 ნოემბრის ¹2 ოქმის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათზე ბაკალავრის დიპლომები კი არ უნდა გაცემულიყო, არამედ ჩვეულებრივი დიპლომები, ვინაიდან, მათი აზრით, ...-ის ფაკულტეტზე სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე გადასვლა არ განხორციელებულა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანებები, კანონით დადგენილი წესით არ გამოუქვეყნებია. მათი მოსაზრებით, მოსარჩელეებისათვის ბაკალავრის დიპლომის მიცემით, მათი უფლებები შეილახა ჩვეულებრივი დიპლომის მფლობელთან შედარებით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ საქართველოში სწავლების ორსაფეხურიან სისტემაზე გადასვლა “განათლების შესახებ” 1997 წლის 27 ივნისის კანონის შესაბამისად განხორციელდა.

ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ...-ის ფაკულტეტზე 1998 წელს ჩააბრეს, ამ ფაკულტეტის ორსაფეხურიან სწავლებაზე გადასვლა კი “განათლების შესახებ” კანონისა და გასაჩივრებული აქტების შესაბამისად, 1997 წელს განხორციელდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო, ვინაიდან სწავლების სისტემის შეცვლა “განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად განხორციელდა აღნიშნულის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საზოგადოება არართხელ იქნა ინფორმირებული.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინება ი. ბ.-ის, მ. კ.-ის, ნ. ბ.-ის, ლ. ა.-ის, ნ. დ.-ის, თ. ც.-ის, ი. და თ. ა.-ეების წარმომადგენლებმა: ნ. ბ.-ემ და ა. ბასილაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს, რომლითაც მათი სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

კასატორთა განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. მათი თქმით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა “განათლების შესახებ” 1997 წლის კანონი, რომელიც ბაკალავრიატის სასწავლო სისტემას საერთოდ არ ეხება და მასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.

კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად იყო გამოცემული. ამასთან, მისი გამოცემის მართლზომიერება არ იყო დასაბუთებული.

საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, 2006 წლის 29 მარტის სასამართლო სხდომაზე, მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. წარმოდგენილი მორიგების აქტის მიხედვით:

ერთის მხრივ, მოპასუხე _ ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტი, წარმოდგენილი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. მ.-ის სახით და მეორე მხრივ, მოსარჩელეები: ...-ის სპეციალობის დაუსწრებელი განყოფილების 2002-2003 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები: ი. ბ.-ე, მ. კ.-ე, ნ. ბ.-ე, თ. ა.-ე, ლ. ა.-ე, თ. ც.-ე, ნ. დ.-ე, ი. დ.-ე და ი. ა.-ის სახით თანხმდებიან მასზედ, რომ მათ შორის არსებული ადმინისტრაციული დავა ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის რექტორის 2003 წლის 18 დეკემბრის ¹3-133 &6 ბრძანებისა და საგამოცდო კომისიის 2003 წლის 22 ნოემბრის ¹2 ოქმის 2002-2003 სასწავლო წლის ...-ის ფაკულტეტის, ...-ის სპეციალობის დაუსწრებელი განყოფილების კურსდამთავრებულებზე ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შესახებ ბათილად ცნობის მოთხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამთავრდეს მორიგებით შემდეგი პირობებით:

“1. გამოიცვალოს ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის ...-ის სპეციალობის დაუსწრებელი განყოფილების 2002-2003 სასწავლო წლის მოსარჩელე კურსდამთავრებულებზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი _ ერთსაფეხურიანი სწავლებისათვის გათვალისწინებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომით, რომელიც გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან, კერძოდ, გაიცეს ჩვეულებრივი, ე.წ. “ძველი სტილის” დიპლომები (2003 წლამდე მოქმედი სისტემით).

2. ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის სადავო ადმინისტრაციული აქტები მოყვანილ იქნეს მორიგებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისობაში, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შევიდეს ცვლილებები სადავო ადმინისტრაციულ აქტებში _ ბაკალავრის ხარისხის მინიჭების ნაწილში;

3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);

5. მორიგების აქტი შედგენილია სამ თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს;

6. დიპლომების მომზადება და გაცემა, ასევე სადავო ადმინისტრაციულ აქტებში ცვლილებების შეტანა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში.”

მორიგების აქტი ხელმოწერილია მოსარჩელეების: ი. ბ.-ის, მ. კ.-ის, ნ. ბ.-ის, თ. ა.-ის, ლ. ა.-ის, თ. ც.-ის, ნ. დ.-ის, ი. დ.-ის, ი. ა.-ის, მათი წარმომადგენლის _ ნ. ბ.-ისა და მოპასუხეO_ ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. მ.-ის, და მისი წარმომადგენლის _ ო. ფ.-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო 2006 წლის 29 მარტის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ხსენებული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, არ ილახება ... (საჯარო) ინტერესები, ამდენად, შესაძლებელია მორიგების აქტის დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა მორიგება შემდეგი პირობებით:

“1. გამოიცვალოს ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის ...-ის სპეციალობის დაუსწრებელი განყოფილების 2002-2003 სასწავლო წლის მოსარჩელე კურსდამთავრებულებზე გაცემული ბაკალავრის დიპლომი _ ერთსაფეხურიანი სწავლებისათვის გათვალისწინებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომით, რომელიც გათანაბრებული იქნება მაგისტრის დიპლომთან, კერძოდ, გაიცეს ჩვეულებრივი, ე.წ. “ძველი სტილის” დიპლომები (2003 წლამდე მოქმედი სისტემით).

2. ბათუმის ...-ის სახელობის ... უნივერსიტეტის სადავო ადმინისტრაციული აქტები მოყვანილ იქნეს მორიგებით გავალისწინებული პირობების შესაბამისობაში, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით შევიდეს ცვლილებები სადავო ადმინისტრაციულ აქტებში _ ბაკალავრის ხარისხის მინიჭების ნაწილში;

3. მორიგების აქტი ძალაში შედის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან და მოქმედებს მხარეების მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე;

4. მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის _ მორიგების აქტის იძულებითი აღსრულების ჩათვლით);

5. მორიგების აქტი შედგენილია სამ თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს;

6. დიპლომების მომზადება და გაცემა, ასევე სადავო ადმინისტრაციულ აქტებში ცვლილებების შეტანა განხორციელდეს ერთი თვის ვადაში.”

2. შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო;

3. გაუქმდეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 1 ივლისის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.