Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№843აპ-20 ქ. თბილისი

ჩ-ა ნ-ზ, 843აპ-20 16 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 თებერვლის განაჩენით ნ. ჩ-ა, – - ნასამართლობის არმქონე და კ. ა-ა, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 26 ივნისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ნ. ჩ-ამ და კ. ა-ამ ჩაიდინეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად.

4. ნ. ჩ-ასა და კ. ა-ას მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· შპს „ა-ა“ (ს/ნ -) იურიდიულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 მაისს. რეგისტრაციის საზოგადოების დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი და დირექტორია კ. ა-ა (პ/ნ -). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართის ნარჩენებით.

· შპს „ს-ი“ (ს/ნ -) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 1 ნოემბერს ფ-ის რეგიონულ ცენტრში. საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრამდე იყო ნ. ჩ-ა (პ/ნ -). საწარმოს საქმიანობის სფეროა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმლისა და სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

· 2018 წლის ზაფხულში შპს „ა-ას“ დირექტორმა კ. ა-ამ და შპს „ს-ის“ დირექტორმა ნ. ჩ-ამ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერით (თითქოსდა, ლითონის ავზების, რკინის მეორეული მასალისა და ამორტიზებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ) დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს „ს-ი“ შემდგომში გამოიყენებდა სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციის პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალებებისა და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.

· შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად, კ. ა-ამ შპს „ა-ას“ სახელით გამოწერა შპს „ს-ის“ სახელზე 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 – 1521411, 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 – 1525124, 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 – 1535667, 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 – 1541379, 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 – 1549873, 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 – 1549874, 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 – 1549875, 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 – 1549876, 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 – 1549884, ჯამურად – 4 725 610 ლარის ღირებულების ფიქციური, თითქოსდა, ლითონის ავზების, რკინის მეორეული მასალისა და ამორტიზებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის საფუძველზეც შპს „ს-ის“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა – 720 855 ლარი.

· 2018 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 14 აგვისტოს შპს „ს-მა“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები – რეგ. №- და №- და მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ადვოკატმა მ. ქ-ამ, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ჩ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ ს-ს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №345აპ-15).

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმავე მოტივებზე, რაზეც მხარემ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, ელექტრონულ მონაცემთა ბაზისა და შემოსავლების სამსახურის წერილის 2019 წლის 26 ივნისისა და 19 ივლისის დათვალიერების ოქმებით, 2019 წლის 1 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით შპს „ა-ას“ შესახებ, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარადაა დადასტურებული ნ. ჩ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჩ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი