საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№844აპ-20 20 აპრილი , 2021 წელი
ჭ-ა ჯ., 844აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ანა არონიას
ადვოკატ – მ. ნ-ას
მსჯავრდებულ - ჯ. ჭ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ. ჭ-ას, - ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით – განზრახ მკვლელობის მცდელობაში ოჯახის წევრის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
• 2019 წლის 5 სექტემბერს, დღის საათებში, ზ-ის მ-ის სოფელ ზ-ში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ჯ. ჭ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, რამდენჯერმე ჩაარტყა დანა ოჯახის წევრს, ძმას – ო. ჭ-ას სხეულის სხვადასხვა მიდამოში, კერძოდ, გულმკერდისა და ზურგის არეში, რითიც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განაჩენით ჯ. ჭ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული ჯ. ჭ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანა არონიამ. მან ითხოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განაჩენის გაუქმება, ჯ. ჭ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის განაჩენი გაუქმდა: ჯ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 5 სექტემბრიდან 2020 წლის 14 აპრილის ჩათვლით.
6. კასატორები – მსჯავრდებული ჯ. ჭ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ნ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აშკარად ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ჯ. ჭ-ამ ჩაიდინა ო. ჭ-ას მკვლელობის მცდელობა; მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა გამოეტანა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ჭ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
8. პროკურორმა ანა არონიამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ას მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ჯ. ჭ-ას მიმართ გამოტანილ იქნეს გამამართლებელი განაჩენი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ჯ. ჭ-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
3. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. დაზარალებულმა ო. ჭ-ამ (ბრალდებულის ძმამ) და მოწმე ლ. ჭ-ამ (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლეს საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
4. მოწმე ფ. ო-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ 2015 წლის 5 სექტემბერს ჯ. ჭ-ა ნახა მთვრალი, მას სახეზე ჰქონდა ნახეთქი ჭრილობა და სდიოდა სისხლი. დაახლოებით 05:00 საათზე ლ. ჭ-ას კივილის ხმაზე ლ. კ-ასთან ერთად მიირბინა მათ სახლში და დაინახა, რომ ჯ. ჭ-ა იჯდა აივანზე, ხოლო ო. ჭ-ა იყო დაჭრილი, იწვა ბეტონის იატაკზე გვერდულად, იყო გონზე, სდიოდა სისხლი და არ ლაპარაკობდა, ხოლო ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა გაჟღენთილი. ლ. კ-ას მიერ გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის წაიყვანა. მოწმემ გამოძიების სტადიაზე გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია არ დაადასტურა.
5. მოწმე ლ. კ-ას ჩვენებით, 2019 წლის 5 სექტემბერს ფ. ო-ას გაჰყვა ჯ-ის სახლში, სადაც დახვდნენ ჯ-ი და მისი მეუღლე, რომელმაც უთხრა, რომ ო. იყო დაჭრილი. ჯ-ს თვალთან ჰქონდა დაზიანება, საიდანაც სდიოდა სისხლი, ხოლო ო. იწვა დიდი სახლის ზღურბლზე და ბუშტუკებიანი სისხლი სდიოდა პირიდან და ცხვირიდან. გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ო. წაიყვანა საავადმყოფოში. გამოკითხვის ოქმს არ ადასტურებს.
6. მოწმე თ. წ-ას ჩვენებით, 2019 წლის 5 სექტემბერს სოფელში გაიგო ჯ. ჭ-ას სახლში მომხდარი ჩხუბისა და ო-ს დაჭრის შესახებ, მაგრამ ვინ დაჭრა, არ იცის.
7. მოწმეების – ზ. ე-სა და ზ. ს-ას ჩვენებებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი სოფელ ზ-ში; ჯ. ჭ-ასაგან გაიგეს, რომ დაჭრა თავისი ძმა ო. ჭ-ა; ჯ. ჭ-ა დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
8. მოწმეებმა – კ. ი-ამ, ჯ. ზ-ამ, ლ. ფ-ამ, ა. თ-ამ და რ. მ-ამ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება.
9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 17 სექტემბრის №--------- დასკვნით, ჯ. ჭ-ას აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: სკალპის ღია ჭრილობა, ჭრილობები – თავისა და ხელის არეში, რომლებიც, ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
10. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 27 სექტემბრის №--------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ო. ჭ-ას აღენიშნებოდა: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ზურგისა და გულმკერდის არეში, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, TH6 მალის მარჯვენა, განივი მორჩის მოტეხილობა. დაზიანებები, პარავერტებრალურად ხერხემლის გულმკერდის ნახევარზე არსებული ჭრილობისა და TH6 მალის მარჯვენა განივი მორჩის მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, ხოლო სხვა დანარჩენი არაშემავალი ჭრილობები – სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
11. ბიოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 23 მარტის №--------- დასკვნით, დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ო. ჭ-ას, ხოლო დანის ტარზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში არ არის გამორიცხული ო. ჭ-ასა და ჯ. ჭ-ას გენეტიკური თანამონაწილეობა; ჯ. ჭ-ასაგან ამოღებულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ. ჭ-ას, ხოლო ო. ჭ-ას ტანსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ო. ჭ-ას; საცხოვრებელი სახლის აივნის ბეტონის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ჯ. ჭ-ას, ხოლო საცხოვრებელი სახლის მისაღები ოთახის კედლის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა – ო. ჭ-ას.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მისი ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობრივ ქმედებაში, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ შედეგთან. ო. ჭ-ასათვის მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება არ არის სადავო, თუმცა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ დაზარალებულს ეს დაზიანებები მიაყენა ჯ. ჭ-ამ. ბრალდებამ ჯ. ჭ-ას ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად ვერ შეძლო პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა, მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შეუძლებელია. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი ასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს.
13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს, მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას.
14. სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი). უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.
15. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ირიბ ჩვენებას ინფორმაციის სპეციფიკურ, სხვა მტკიცებულებებისაგან განსხვავებულ წყაროდ განიხილავს. სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვებია მხლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა მტკიცებულებით არის გამყარებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაშინ, როდესაც ფაქტის თვითმხილველი მოწმე (ვის სიტყვებსაც ირიბი ჩვენება ეყრდნობა) სასამართლოს მისცემს ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა ჯ. ჭ-ამ გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დაზარალებულმა ო. ჭ-ამ და მოწმე ლ. ჭ-ამ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. შესაბამისად, სასამართლოში დაკითხული ირიბი მოწმეების (რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველები და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან) ჩვენებები ვერ გამოდგება ჯ. ჭ-ას ბრალეულობის დასადასტურებლად.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ECtHR, El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, 39630/09, §151, 13.12.2012; ECtHR, Hassan v The UK, 29750/09, §48, 16.09.2014).
17. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილი განაჩენს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაბუთებულად, როდესაც იგი სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარება. ამავდროულად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყოველი დასკვნა თუ გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებას მოითხოვს.
18. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. ჭ-ას მიერ დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან:
• არ არსებობს შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები;
• სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, დაზიანებები აქვს როგორც დაზარალებულ ო. ჭ-ას, ისე – ბრალდებულ ჯ. ჭ-ას;
• ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დანის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილის კუთვნილება დაზარალებულის ან ბრალდებულისადმი ერთმნიშვნელოვნად ვერ დადასტურდა;
• ჯ. ჭ-ას ტანსაცმელზე აღმოჩნდა მხოლოდ თავისი სისხლის ნიმუში და არ აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლის კვალი;
• შემთხვევის ადგილიდან აღებული სისხლის ანაწმენდები ეკუთვნის როგორც დაზარალებულს, ისე – ბრალდებულს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ჯ. ჭ-ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. ჭ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენი გაუქმდეს;
3. ჯ. ჭ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
4. გამართლებული ჯ. ჭ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
5. ჯ. ჭ-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, პლასტმასისტარიანი დანა, ჯ. ჭ-ას ნერწყვის ნიმუში და ო. ჭ-ას ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს;
7. ჯ. ჭ-ასაგან ამოღებული მონაცრისფრო კუბოკრული მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ფერის ნაჭრის შარვალი და რეზინის ჩუსტები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ჯ. ჭ-ას;
8. ნ--- ნ-------ასაგან ამოღებული ო. ჭ-ას შავი შარვალი და შავი მოკლემკლავიანი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ო. ჭ-ას;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე