საქმე # 330100119003297045
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№847აპ-20 ქ. თბილისი
კ–ი ტ., 847აპ-20 23 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ტ. კ–სა და ადვოკატ ი. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. კ–მ და მისმა ადვოკატმა ი. კ–მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ხოლო ალტერნატივის სახით - სასჯელის 3 წლამდე შემსუბუქებას და მის პირობითად ჩათვლას; კასატორების მითითებით, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მისგან ნაწარმოები მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ვერ უთითებს ტ. კ–ს ბრალეულობაზე; შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელთათმანებზე მსჯავრდებულის გენეტიკური კვალის აღმოჩენით უტყუარად არ დასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა, რადგან ტ. კ–მ დამაჯერებლად ახსნა, როგორ შენიშნა მეზობლის სახლში გაჩენილი ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც შეეცადა, მაგრამ წარსულის გათვალისწინებით, შეეშინდა, რომ დანაშაულს დააბრალებდნენ, გაიხადა ხელთათმანები და გაიქცა; პასუხგაუცემელი დარჩა ბევრი შეკითხვა, მათ შორის შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ სანთებელასთან დაკავშირებით, რომელზეც ტ. კ–ს გენეტიკური კვალი არ აღმოჩნდა; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ტ. კ–ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა და მიუხედავად პასუხისმგებლობის არაერთი შემამსუბუქებელი გარემოებისა (ითანამშრომლა გამოძიებასთან, მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, ნებაყოფლობით გადასცა გამოძიებას ტანსაცმელი და საკვლევი ნიმუშები) დაუმძიმა მას სასჯელი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ. კ–ს ბრალად დაედო სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 11 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტ. კ–მ ცეცხლის წაკიდებით განზრახ გაანადგურა .......ში, დაბა ..........ში, ........ გზატკეცილის, მე.. ჩიხის, №..-ში მდებარე თ. ც–ს საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 200000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. ტ. კ–ს წარედგინა ბრალდაბა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 მაისის განაჩენით ტ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 12 აგვისტოდან.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. კ–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 11 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტ. კ–მ ცეცხლის წაკიდებით განზრახ დააზიანა .........ში, დაბა ........., ........ გზატკეცილის, მე-.. ჩიხის, №..-ში მდებარე თ. ც–ს საცხოვრებელი სახლი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 200000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ტ. კ–ს ადვოკატმა თ. გ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც ითხოვდა ტ. კ–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება; ტ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 12 აგვისტოდან.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ტ. კ–ს ბრალეულობა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. ც–ს, მოწმეების - ლ. ს–ს, მ. ჩ–ს, ნ. ი–ს, ლ. ხ–ს, ვ. ბ–ს, გ. გ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, საინჟინრო, სასაქონლო, სახანძრო და ქიმიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური (გენეტიკური), ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად; საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: უპირობოდ არის დადგენილი, რომ თ. ც–ს დამწვარი სახლის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა - სანთებელა, ნამწვის ნიმუშები და ხელთათმანები, ხოლო შემთხვევის ადგილის მახლობლად არსებული ურნიდან ტ. კ–ს მითითებით - ხელთათმანი; მოწმე მ. ჩ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ ტ. კ–მ შემთხვევის დღეს მაღაზიაში შეიძინა საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულის მსგავსი ხელთათმანი, ამასთან, ერთი მხრივ, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ურნიდან ამოღებულ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ტ. კ–ს, ხოლო, მეორე მხრივ, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ დგინდება, რომ ურნიდან ამოღებული ხელთათმანის ზედაპირებზე აღმოჩენილ, მოყავისფრო ვისკოზას ბოჭკოებსა და მოცისფრო პოლიესტერის ბოჭკოებსა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელთათმანის ზედაპირებზე აღმოჩენილ, მოყავისფრო ვისკოზას ბოჭკოებსა და მოცისფრო პოლიესტერის ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარეობითი კუთვნილება ტ. კ–ს მაისურის ქსოვილის ნართის ბოჭკოებთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ტ. კ–ს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნული მახასიათებლების შესაბამისი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება ან/და პირობითად ჩათვლა, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობისა და მისი პოზიციის მხედველობაში მიღებით, არ არის მიზანშეწონილი.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული თ. ც–ე წინააღმდეგია, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, მსჯავრდებულ ტ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ტ. კ–სა და ადვოკატ ი. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი