საქმე # 340100119003161336
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№849აპ-20 ქ. თბილისი
ო–ე ი., 849აპ-20 26 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გუქმებასა და ი. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დგინდება, რომ ი. ო–მ ჩაამტვრია მაღაზია ,,.....“ მინა, რათა მოეპარა ტანსაცმელი, რა დროსაც დაიზიანა ორივე ხელის მტევანი, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; მოწმე გ. კ–ს ჩვენების თანახმად, ი. ო–ს ხელზე ჰქონდა ნაკაწრები და ოდნავ მოჟონავდა სისხლი, რითაც აიხსნება ბილოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებულ ანაწმენდებზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; მოწმეებს გ. კ–სა და ო. ო–ს მაღაზიასთან გავლისას ქუჩაში არავინ შეუნიშნავთ, რაც არ გამორიცხავს იმ გარემოებას, რომ მათ მომცრო ტანის ი. ო–ო ვერ შეენიშნათ ან იგი მიმალულიყო მანქანების გამოჩენისას; მოწმე გ. კ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მიბრუნებულმა შენიშნა მაღაზიის ვიტრინასთან ძალიან ახლოს მდგომი ი. ო–ო, რომელიც ისე იდგა, რომ, სავარაუდოდ, ხელი ჰქონდა შიგნით შეყოფილი.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ო–ს ბრალად დაედო ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
- დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით ი. ო–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ი. ო–ო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- 2019 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 02:15 საათზე, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ი. ო–მ ვიტრინის მინის დაზიანებით, უკანონოდ შეაღწია ქ. .......ში, .........ს ქ. №..-ში მდებარე, ...........ის კუთვნილ მაღაზია „......ში“, საიდანაც შეეცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ტანსაცმელს, რა დროსაც ამხილეს შსს .........ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. ი. ო–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განაჩენით ი. ო–ო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ი. ო–ო ცდილობდა მაღაზიიდან ტანსაცმლის ქურდობას; საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე ვერც საკასაციო საჩივარში უთითებს მტკიცებით და არც საქმის მასალებით დგინდება სარწმუნოდ, რომ ი. ო–მ სწორედ იმიტომ დააზიანა მაღაზიის მინა, რომ სურდა ტანსაცმლის მოპარვა, თუმცა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან დანაშაულზე წაასწრეს; ბრალდება დაფუძნებულია ერთადერთი მოწმის - გ. კ–ს ჩვენებაზე, რომლის მტკიცებით, შენიშნა მაღაზიის ვიტრინასთან ძალიან ახლოს მდგომი ი. ო–ო, რომელიც ისე იდგა, რომ, სავარაუდოდ, ხელი ჰქონდა შიგნით შეყოფილი; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები ი. ო–სათვის წარდგენილი ბრალდების დასადასტრებლად/უარსაყოფად არ გამოდგება, რადგან მათი ნაწილი ირიბია, ხოლო ნაწილი - არაფრის მთქმელი; ყურადსაღებია, რომ არც თავად ი. ო–ო უარყოფს შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და სიმთვრალეში ქვის სროლით მაღაზიის ვიტრინის დაზიანების ფაქტს, თუმცა ბრალდების მხარის ვარაუდი, რომ იგი მაღაზიაში შეღწევით ცდილობდა ტანსაცმლის ქურდობას, რომელიც არ დადასტურებულა სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ი. ო–ს სასარგებლოდ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი