Facebook Twitter

საქმე # 330100119003124444

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №852აპ-20 ქ. თბილისი

ე–ი მ., 852აპ-20 23 აპრილი, 2021 წელ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. ე–ის დამნაშავედ ცნობას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სხვაგვარ ძალადობაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

2. მსჯავრდებული მ. ე–სი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ე–ს ბრალი ედება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მ. ე–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 26 აგვისტოს, შუადღის საათებში, ............ში, ........ის გამზირზე მდებარე .......... სახელობის ..........ის რეფერალური ჰოსპიტლის ეზოში, მ. ე–მა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ა. ნ–ა მოქაჩა თმით, რის შემდეგაც მხრებზე მოჰკიდა ხელები და შეაჯანჯღარა, რა დროსაც ა. ნ–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით მ. ე–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მითითებული განაჩენით მ. ე–ს ბრალად წარდგენილი ქმედებიდან ამოერიცხა დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაცი წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ე–სის დამნაშავედ ცნობა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სხვაგვარ ძალადობაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

- მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–მ სააპელაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. ე–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. ნ–ას ჩვენებით, მოწმეების - ს. ნ–ს, თ. მ. ყ–ს, ა. ბ–მ ყ–სა და რ. ი–ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ე–სის მიერ ა. ნ–ას მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: აღნიშნულის თაობაზე თავის ჩვენებაში უთითებს მხოლოდ დაზარალებული ა. ნ–ა, ხოლო სხვა არცერთი მოწმის, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებულის დედის - ს. ნ–ს ჩვენებით, ან რომელიმე მტკიცებულებით არ დასტურდება მითითებული მოტივით დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი