Facebook Twitter

საქმე # 330100119003093502

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №853აპ-20 ქ. თბილისი

ბ–ი გ., 853აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ბ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 177-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ბ–ს ბრალი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გ. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 მაისს, ქ. თ–ში, ................. ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში, გ. ბ–ი ფარულად დაეუფლა ნ. ხ–ს კუთვნილ, 70 ლარად ღირებულ „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით გ. ბ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64- ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2019 წლის 14 მაისს ქ. თ–ში, ..............ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ მარკეტში, ნ. ხ–ს დარჩა თავისი კუთვნილი, 70 ლარად ღირებული, „სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც იპოვა მაღაზიის გამყიდველმა. მან ტელეფონი შეცდომით გადასცა გ. ბ–ს მეგობარს, გ. ბ–სთვის გადასაცემად. გ. ბ–მ ნივთზე უფლება დაიგულა თავისად და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მესაკუთრეს არ დაუბრუნა კუთვნილი ნივთი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ და მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჩ–მ.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ გ. ბ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

გ. ბ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი.

მსჯავრდებულ გ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარულად დაუფლების ფაქტი, ვინაიდან არ იკვეთება გ. ბ–ს კონკრეტული ქმედება და განზრახვა, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მობილურ ტელეფონს. დაზარალებულ ნ. ხ–ს, მოწმეების - დ. გ–ს, მ. ხ–სა და მ. ს–ის ჩვენებებით დგინდება, რომ გ. ბ–ს სარგებლობაში შემთხვევით აღმოჩნდა მ. ხ-ს მიერ მისთვის მ. ს–ის მეშვეობით შეცდომით გადაცემული, დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტეელფონი, რომელიც მან თავისად დაიგულა, გადააგდო მასში მოთავსებული სიმბარათი და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაუბრუნა დაზარალებულს, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედებაში ქურდობის შემადგენლობის არსებობას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი