Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1296-873(კ-05) 15 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: პრივატიზების ხელშეკრულების დადების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 20 აგვისტოს ზ. მ-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თ. ს-ის, ქ. ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობისა და ქ. ბათუმის ნოტარიუს მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა 1993წ. 26 იანვარს ქ. ბათუმის ¹1 საბინაო საექსპლუატაციო კანტორასა და თ. ს-ს შორის დადებული, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹20 ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ქ. ბათუმის ¹1 მოკრორაიონის გამგეობის დავალდებულება ზ. მ-სთან ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹20 ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე შემდეგი საფუძვლით:

1969წ. 9 აპრილს ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მიერ გაიცა საგარანტიო წერილი მოსარჩელის მამის _ მ. მ-ის სახელზე, რომლითაც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭომ იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 53,38 კვ.მ სამოთახიანი ბინის მ. მ-ისათვის გამოყოფის თაობაზე. 1974წ. 7 თებერვალს მ. მ-ს გამოეყო საგარანტიო წერილში მითითებულზე ნაკლები ფართი _ 2-ოთახიანი 32 კვ.მ ბინა, რის გამოც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1981წ. 3 აპრილს გამოსცა ¹176 განკარგულება, რომლითაც, დარჩენილი ფართის სანაცვლოდ, მოსარჩელის ბებიას, მ. მ-ის სიდედრს გამოუყო ერთოთახიანი 20 კვ.მ ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელის ბებია ე. კ-ა, ხოლო ამ უკანასკნელთან 1992წ. 31 ივლისს საცხოვრებლად გადავიდა მოსარჩელე ზ. მ-ე. 1993 წელს აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებმა ა. ა-მ შესთავაზა მ. მ-ს გაეთავისუფლებინა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹20, რის სანაცვლოდაც მას გამოეყოფოდა ბინა, ხოლო ბინის გამოყოფამდე, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინა ¹20-ის დამქირავებლად დარჩებოდა ე. კ-ა, რაზეც დათანხმდა მოსარჩელე და ბებიასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მ. მ-სთან. 1996 წელს ე. კ-ა გარდაიცვალა.

ტექინვენტარიზაციის სამსახურის 2004წ. 27 ივლისის წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ბინა 1993 წელს პრივატიზებულ იქნა თ. ს-ის მიერ, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები, კერძოდ, ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ¹1 საბინაო საექსპლუატაციო კანტორის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი, მოპასუხესთან გაეფორმებინა პრივატიზების ხელშეკრულება, რადგან იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის ბებია 1981 წლიდან იყო სადავო ბინის დამქირავებელი და მასთან ერთად ბინაში ცხოვრობდა მოსარჩელეც, რომელსაც ბინაზე ისეთივე უფლებები გააჩნდა, როგორც მის ბებიას – ე. კ-ს. აღნიშნული უფლებები ბინაზე არ დაუკარგავთ მოსარჩელეს და მის ბებიას, რადგან საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, უფლებადაკარგულად ცნობა უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, სადავო პრივატიზების ხელშეკრულების დადებით დაირღვა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენლების მე-5 მუხლი, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემდეგ, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს ზემოაღნიშნულ ბინაზე პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის განჩინებით საქმეში ქ. ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ჩართულ იქნა სანაპირო დასახლების ადმინისტრაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1993წ. 26 იანვარს ქ. ბათუმის ¹1 საბინაო საექსპლუატაციო კანტორასა და თ. ს-ს შორის დადებული, ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹20 ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე ქ. ბათუმის ¹1 მიკრორაიონის გამგეობის დავალდებულების ნაწილში სარჩელზე წარმოება შეწყდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს კომპეტენციას წარმოადგენდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

1993წ. 26 იანვარს ქ. ბათუმის ¹1 საბინაო საექსპლუატაციო კანტორასა და თ. ს-ს შორის ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹20 ბინის პრივატიზების ხელშეკრულება დაიდო უკანონოდ, რადგან ზ. მ-ე იყო სადავო ბინის დამქირავებლის – ე. კ-ს ოჯახის წევრი და მას ბინაზე უფლება არ დაუკარგავს, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თანახმად «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენლების მე-5 მუხლისა.

რაც შეეხება სარჩელს ზ. მ-სთან პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე გამგეობის დავალდებულების შესახებ, აღნიშნული საკითხი სასამართლოს მოსაზრებით, განხილულ უნდა იქნეს სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის მიერ და ამ უკანასკნელის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის სანაპიროს ადმინისტრაციამ და ზ. მ-მ.

ქ. ბათუმის სანაპირო ადმინისტრაციამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო, შემდეგი მოტივით:

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით ადგენს ხანდაზმულობის 6-წლიან ვადას. ამასთან, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა, რადგან გადაწყვეტილებაში არ მიუთითა არც ერთი კანონის ნორმაზე.

ზ. მ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა პრივატიზების ხელშეკრულების დადების შესახებ სანაპირო ადმინისტრაციის დავალდებულებაზე და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ბათუმის სანაპირო ადმინისტრაციის დავალდებულება ზ. მ-სთან ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹20 ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე შემდეგი მოტივით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 273-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა შეიძლება სასამართლოს განჩინებით, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით, სასამართლომ კი სარჩელზე წარმოება შეწყვიტა იმავე გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

გარდა აღნიშნულისა, აპელანტის განმარტებით, ქ. ბათუმის სანაპირო ადმინისტრაციის უარი პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე დასტურდება იმით, რომ მის მიერ გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც, აპელანტის მოსაზრებით, ზ. მ-ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სრული უფლება აქვს მოითხოვოს სადავო ბინის პრივატიზების გზით მოიპოვოს მასზე საკუთრების უფლება, თანახმად «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლისა, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 აპრილის განჩინებით სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქ. ბათუმის სანაპირო ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინებით ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და უცვვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება გადაწყვეტილებით შეეწყვიტა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილზე საქმის წარმოება, რადგან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება განპირობებულ იქნა იმ გარემოებით, რომ ზ. მ-ის მოთხოვნა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, რითაც მოსარჩელის უფლებები არ შელახულა და მან კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად შეწყვიტა ზ. მ-ის სარჩელზე წარმოება პრივატიზების ხელშეკრულების დადების დავალდებულების ნაწილში, რადგან ზ. მ-ს, როგორც ბინის დამქირავებელს, უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს ბათუმის სანაპირო დასახლების ადმინისტრაციას, ხოლო მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში _ სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-მ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 273-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, რადგან საქმის წარმოების შეწყვეტა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ განჩინების გამოტანით.

კასატორის განმარტებით, ქ. ბათუმის სანაპირო ადმინისტრაციის უარი პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე დასტურდება იმით, რომ მის მიერ გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო პრივატიზების ხელშეკრულების დადებაზე უარი მოქმედებს ზ. მ-ის უფლებაზე, კერძოდ, მან დაკარგა უფლება ბინაზე, რის გამოც სრული უფლება აქვს მოითხოვოს ბინის პრივატიზების გზით საკუთრების უფლების მოპოვება, თანახმად «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენლების მე-5 მუხლისა, რაც სასამართლომ არ გამოიყენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და განჩინების გასაჩივრებული ნაწილის კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად, საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ პრივატიზების ხელშეკრულების დადების თაობაზე გამგეობის დავალდებულების შესახებ ზ. მ-ის მოთხოვნაზე მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას სსკ-ის 273-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული უფლების რეალიზაცია განპირობებულია კანონით მინიჭებული ამა თუ იმ უფლების თუ ინტერესის განხორციელებისათვის ხელის შეშლით ან დარღვევით, ანუ აღნიშნული დებულების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს კანონიერი უფლების დაცვის საშუალებას, როდესაც ადამიანს სხვა პირის ან ორგანოს უკანონო ქმედების გამო არ მიეცა ამ უფლების განხორციელების შესაძლებლობა, ან დარღვეულ იქნა იგი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განსჯადია ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ხოლო სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, ასევე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რადგან «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ზ. მ-ს არ უცდია, არ მიუმართავს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, შესაბამისად, დავა ზ. მ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არ წარმოშობილა და უფლების დარღვევას დღეის მდგომარეობით ადგილი არა აქვს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე სასამართლო ვერ იმსჯელებს ზ. მ-ის მოთხოვნაზე _ პრივატიზების ხელშეკრულების დადების ვალდებულების გამგეობისათვის დაკისრების შესახებ, რადგან აღნიშნული მოთხოვნით კასატორმა უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს და ამ უკანასკნელის უარი უფლების განხორციელებაზე შეიძლება გახდეს სასამართლოს მსჯელობის საგანი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ პრივატიზების ხელშეკრულების დადებაზე ადმინისტრაციული ორგანოს – სანაპირო ადმინისტრაციის უარი დასტურდება იმ გარემოებით, რომ ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1993წ. 26 იანვარს ქ. ბათუმის ¹1 საბინაო საექსპლუატაციო კანტორასა და თ. ს-ს შორის დადებული პრივატიზების ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ სანაპირო ადმინისტრაცია არ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულების უკანონოდ მიჩნევის შესახებ, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზ. მ-სთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმად.

კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 273-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან საქმის წარმოება შეწყვიტა არა განჩინებით, არამედ გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტა ხდება სასამართლოს განჩინებით იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იხილავს მხოლოდ საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხს და მითითებულზე სასამართლო ღებულობს განჩინებას სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ართმევდა სასამართლოს უფლებას საქმის წარმოება შეეწყვიტა გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე გადაწყდა არსებითად, რადგან ზ. მ-ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა, როგორც 1993წ. 26 იანვრის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხის დავალდებულება ზ. მ-სთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა რა საქმე არსებითად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც იმსჯელა ორივე სასარჩელო მოთხოვნაზე და მიიჩნია რა, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა ყოფილიყო განხილული სასამართლოს მიერ, ამავე გადაწყვეტილებით შეწყვიტა მასზე საქმის წარმოება და საჭირო აღარ იყო მითითებულ საკითხზე ცალკე განჩინების მიღება, ამდენად სასამართლოს არ დაურღვევია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის არგუმენტაცია ზემოაღნიშნულის თაობაზე არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების მიღებისას ადგილი არ აქვს სსკ-ის 393-ე მუხლის დარღვევას და საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც სკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ზ. მ-ს, სსკ-ის 53.1. მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 39.1. «დ”, 53.1, 390-ე, 399-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცველელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის განჩინება;

3. ზ. მ-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.