Facebook Twitter

საქმე # 140100120003487910

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №859აპ-20 ქ.თბილისი

ი კ., 859აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ კ. ი–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და კ. ი–ს გამართლებას.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი კრავეიშვილი შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ კ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით კ. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2019 წლის ნოემბრის ეპიზოდი) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 8 იანვრის ეპიზოდი) - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. ი–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 იანვრიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დაახლოებით 17:00 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ..........ში მდებარე ე. კ–ს საცხოვრებელ სახლთან ყოფნის დროს, კ. ი–ი, რომელიც ე. კ–სთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყოფილი მეუღლის დედას - ე. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, კ–ს რაიონის სოფელ ........ში მდებარე, ე. კ–ს საცხოვრებელ სახლთან ყოფნის დროს, ნასვამი კ. ი–ი, რომელიც ე. კ–სთან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყოფილი მეუღლის დედას - ე. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და კ. ი–ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი არ უთითებს არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.

7. საკასაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის 8 იანვარს კ. ი–ი ყოფილი მეუღლის დედას - ე. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 133​1-ე, 133​​2-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−144​​3-ე, 149-ე−151​​1-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−255​1-ე, 381​1-ე და 381​​2-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება, მათ შორის - მეუღლე.

9. კასატორი - ადვოკატი გ. გ–ა მსჯავრდებულ კ. ი–ს ინტერესების დასაცავად თავის საჩივარში აღნიშნავს: ის გარემოება, რომ ე. კ–ს 2009 წლის ნოემბერში არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიუთითებს იმაზე, რომ მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს კ. ი–ს ბრალეულობაზე და მიაჩნია: შიში შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნეს გამოხატული და არაა აუცილებელი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა. მუქარის რეალობა შეიძლება დასტურდებოდეს სხვადასხვა მტკიცებულებითა და გარემოებით (მაგ:ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, ქცევითი ცვლილებებით და ა.შ).

11. 2020 წლის 8 იანვრის შეტყობინების მიხედვით, საინფორმაციო ცენტრ 112-ში შევიდა ე. კ–ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ შვილის მეუღლე - კ. ი–ი მისულია მასთან, აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის ხელყოფით (ტ.1.ს.ფ.2.).

12. დაზარალებულ ე. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ალკოჰოლით მთვრალი კ. ი–ი ხშირად მიდიოდა სახლში ყოფილ სიდედრთან, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ანალოგიური ფაქტი მოხდა 2019 წლის ნოემბერში და 2020 წლის 8 იანვარს, რა დროსაც კ. ი–ი ე. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ მას არ აცოცხლებდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, „ყელს მაინც გამოჭრიდა“. ე. კ–ს განმარტებით, მას ყოფილი სიძის მუქარის ასრულების ძალიან შეეშინდა, რადგან ეს არ იყო პირველი შემთხვევა. დაზარალებულის განმარტებით, ზემოაღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი შვილიშვილი - ე. კ–ე, რომელიც იმ დროს მასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. ვინაიდან კ. ი–ი წარსულშიც ნასამართლევია მისი და მისი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარისათვის, დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და დახმარებისათვის მიმართა 112-ს.

13. დაზარალებულის ჩვენება შეესაბამება მოწმე ე. კ–ის ჩვენებას, რითაც დადგენილია, რომ 2019 წლის ნოემბერში და 2020 წლის 8 იანვარს კ. ი–ი მათ სახლთან მთვრალი მივიდა და ე. კ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ არ აცოცხლებდა და „ყელს მაინც გამოჭრიდა“.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ი–სათვის ბრალად შერაცხული ქმედების - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი) - ჩადენა.

15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ .თადუმაძე