საქმე # 190100119002884071
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №860აპ-20 ქ. თბილისი
ი–ი რ., 860აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 375-ე მუხლით.
პროკურორი გვანცა გვიმრაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენით რ. ი–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 13 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 06:45 საათზე, ქ.რ–ში, .........ის გამზირი N...-ში დროებით მცხოვრებ ა. ა–ს და ზ. გ–ს, მითითებულ საცხოვრებელ ბინაში, მათი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუდგენელ პირებთან ერთად თავს დაესხა რ. ი–ი. მათ ცივი იარაღის ე.წ ,,კასტეტის“ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მოსთხოვეს ფული, რის შემდგომ ა. ა–ს გასტაცეს დიდი ოდენობით თანხა 9500 აშშ დოლარის ოდენობით, ლართან მიმართებაში - 25374 ლარი და 90 თეთრი.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, რ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მისი ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 375-ე მუხლით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ( შემდეგში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის - მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს მსჯელობას რ. ი–ს ქმედების არა ყაჩაღობად, არამედ დანაშაულის დაფარვად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, უტყუარადაა დადგენილი, რომ შემთხვევის დღეს დანაშაული ჩაიდინეს არა მხოლოდ რ. ი–ს თანმხლებმა პირებმა, არამედ ამ დანაშაულის ჩადენაში უშუალოდ მონაწილეობდა თავად მსჯავრდებულიც.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ რ. ი–ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები და რომ თითქოს დაზარალებულების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი საჩივარში არ უთითებს კონკრეტულად რაში ვლინდება დაზარალებულების ჩვენებების ურთიერთგამომრიცხველობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის: სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოწმეების - ა. ა–სა და ზ. გ–ს ჩვენებები არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.
10. მოწმეებმა - რ. ი–თან და ზ. გ–მ დეტალურად აღწერეს შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები და მათზე თავდამსხმელ პირთა აღნაგობა ( იხ. ტომი №1; ს.ფ. 31-35; 54-57). ამოცნობისას მათ გამომძიებელს მიუთითეს ყველა იმ ნიშან-თვისებაზე, რის საფუძველზეც ამოიცნეს რ. ი–ი ( იხ. ტომი №2; ს.ფ. 103-104; 105-106)
11. დაზარალებულებმა რ. ი–ი ამოიცნეს მათ მიერ დასახელებული ნიშან-თვისებებით და განმარტეს, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა შეუკრა ა. ა–ს სკოჩით ხელ-ფეხი და მათ მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების არსებობის ფაქტი დადგენილია სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, რომლის თანახმად, ზ. გ–ს სისხლი აღმოჩენილი იქნა რ. ი–ს ტანისამოსზე. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება, რომ მას შემდეგ, რაც რ. ი–თან ერთად მყოფმა პირებმა დაიწყეს დაზარალებულებისთვის თანხის მოთხოვნა და ცემა, რ. ი–მ დაუყოვნებლივ დატოვა მითითებული ადგილი და გაიქცა, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის სისხლი მსჯავრდებულის ტანსაცმელზე ვერ აღმოჩნდებოდა ( დაცვის მხარეც არ უთითებს როგორ აღმოჩნდა მსჯავრდებულის ტანსაცმელზე დაზარალებულის სისხლი).
12. 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ტომი №2; ს.ფ. 191-209) ა. ა–ს პროკურორმა ჰკითხრა ნიღბიან პირზე, თუ რას აკეთებდა, მოწმემ კი განმარტა, „ჩემ წინ იდგა და ხელ-ფეხს მიკრავდა სკოჩით, პირველი ხელები შემიკრა, მერე პირზე დამადო სკოჩი და მერე უკვე ფეხები შემიკრა“. აღნიშნული პირი კი რ. ი–თან აღწერა: „ნიღბიანი იყო სპორტული აღნაგობის, დიდი ტანი ჰქონდა, დიდი თავი ჰქონდა, დიდი პიროვნება იყო და კურტკა ეცვა“. მოწმემ აღნიშნულ პროცესზე განაცხადა, რომ ნიღბიანი პირი ამოიცნო „თვალებით და პირი ჰქონდა ღია აქამდე, ფიზიკურად და თავის ფორმით“. მოწმემ სასამართლო სხდომის დარბაზში მიუთითა ნიღბიან პირზე და განაცხადა „აქ ზის“. პროკურორის შეკითხვაზე, ზ. გ–ს ეტყობოდა თუ არა დაზიანებები, რ. ი–თან უპასუხა, რომ „თავის მიდამოში“ ჰქონდა დაზიანებები და სისხლი სდიოდა.
13. 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას (ტომი №2; ს.ფ. 221-230) ზ. გ–მ ანალოგიურად აღწერა მოვლენები და განმარტა: „ერთმა თავში დამარტყა, მე წავიქეცი და ის ორი პიროვნება კიდევ აკრამის მიმართულებით წავიდნენ, შიგნით შეიყვანეს“. პროკურორმა ჰკითხა იმ ორი პირის აღწერა, რომლებიც აკრამისკენ წავიდნენ, რაზეც ზ. გ–მ უპასუხა: „ნიღბიანი და უნიღბო აკრამის მიმართულებით წავიდნენ“. მოწმემ შემდგომ ამოიცნო ის ნიღბიანი, რომელიც აკრამის მიმართულებით წავიდა და განმარტა: „როცა მკითხეს, საიდან იცი ეს პიროვნება არისო, მე ვუპასუხე თვალებითო, ტუჩებითო, აღნაგობით ეს არის“.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენით არ იქნა გათვალისწინებული თუ რა როლი ჰქონდა რ. ი–ს ამ საქმეში, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან თუ ყაჩაღობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არ არის სავალდებულო, რომ ყველა თანაამსრულებელმა აქტიურად გამოიყენოს ისეთი ძალადობა ან მუქარა, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის. საკმარისია, რომ მათგან თუგინდ ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას ან მუქარას და ეს ფაქტი სხვა პირთა განზრახვითაც იყოს მოცული, რომლებიც მის გვეერდით დგანან და ხმას არ იღებენ (მაგ.იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №880აპ-19).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ რ. ი–ს მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე