საქმე # 330100119003045730
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №861აპ-20 ქ. თბილისი
ა. ნ. დ. 861აპ-20 21 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით დ. ა. ნ-ს, - დაბადებულს 1… წელს, - ბრალად ედებოდა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ:
2019 წლის 7 მარტს, შუადღის საათებში, ქალაქ თ-ში, ჭ-ს ქუჩა N.., კორპუსი N.., ბინა N…-ში, დ. ა. ნ-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - ა. მ-ს, მათი მცირეწლოვანი შვილის - ა. ა. ნ-ს თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა 18 ჭრილობა, მათ შორის - მუცლის ღრუს ნაკვეთი შემავალი ჭრილობა. ა. მ–სათვის მიყენებული დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს და მისი სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ:
2017 წლიდან 2019 წლის 7 მარტამდე პერიოდში, ქალაქ თ-ში, ჭ-ს ქუჩა N…, კორპუსი N.., ბინა N.. -ში, დ. ა. ნ. თავის მეუღლეზე - ა. მ-ზე სისტემატურად ძალადობდა, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მისი ქმედებებისა და ფულადი თანხის განკარგვის კონტროლში, რასაც იგი ახორციელებდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. კერძოდ, ა. მ-ს ექცეოდა, როგორც უუფლებო ადამიანს, რომელსაც, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების უფლება. ზემოაღნიშნულ ქმედებებს დ. ა. ნ. სჩადიოდა სისტემატურად, რითაც ა. მ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით:
დ. ა. ნ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და მის მიერ ჩადენილი ქმედება ამ ნაწილში დაკვალიფიცირდა სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
დ. ა. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით(განაჩენის მიღებისას მოქმედი რედაქცია), ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ა. ნ-s სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 7 მარტიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ:
2019 წლის 7 მარტს, შუადღის საათებში, ქალაქ თ-ში, ჭ-ს ქუჩა №.., კორპუსი №., ბინა №..-ში, დ. ა. ნ-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - ა. მ-ს, მათი მცირეწლოვანი შვილის - ა. ა. ნ-ს თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის - დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა 18 ჭრილობა, მათ შორის - მუცლის ღრუს ნაკვეთი შემავალი ჭრილობა, თუმცა შემდგომ დანაშაულის - განზრახ მკვლელობის - დამთავრებაზე ნებაყოფლობით აიღო ხელი. ა. მ–სათვის მიყენებული დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებებს.
2017 წლიდან 2019 წლის 7 მარტამდე პერიოდში, ქალაქ თ-ში, ჭ-ს ქუჩა №.., კორპუსი №.., ბინა №..-ში, დ. ა. ნ. თავის მეუღლეზე - ა. მ-ზე სისტემატურად ძალადობდა ფსიქოლოგიურად, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მისი ქმედებებისა და ფულადი თანხის განკარგვის კონტროლში, რასაც იგი ახორციელებდა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით. კერძოდ, ა. მ-ს ექცეოდა, როგორც უუფლებო ადამიანს, რომელსაც, როგორც ქალს, არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევის და საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირების უფლება. ზემოაღნიშნულ ქმედებებს დ. ა. ნ. სჩადიოდა სისტემატურად, რითაც ა. მ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა. ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ა. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე - 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა.
პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ. ა. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
6. მსჯავრდებულ დ. ა. ნ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ს-მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ; საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
8. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის შესახებ არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი, კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ა. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ დ. ა. ნ-სა და დაზარალებულ ა. მ-ს შორის კონფლიქტი გრძელდებოდა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც სცემა დაზარალებულს, დაემუქრა მოკვლით და დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ დ. ა. ნ-მ შეწყვიტა ძალადობა. შემდეგ ა. მ-ს თხოვნაზე, წასულიყო აფთიაქში წამლის მოსატანად, მართალია, თავიდან უარი განაცხადა, თუმცა დაახლოებით ორი საათის შემდეგ წავიდა წამლის შესაძენად და დაბრუნების შემდეგ დაზარალებულს თავადვე დაეხმარა ჭრილობების დამუშავებაში.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ დ. ა. ნ-ს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა როგორც კონფლიქტის დროს, ისე - კონფლიქტიდან აფთიაქში წასვლამდე შუალედში და ასევე - აფთიაქიდან დაბრუნების შემდეგ, პოლიციის მისვლამდე. თუმცა დაზარალებულის ჩვენებით დგინდება, რომ მსჯავრდებული განზრახვის სისრულეში მოყვანის ნაცვლად დაეხმარა მას ჭრილობების დამუშავებაში და მასზე ფიზიკურად რაიმე ფორმით აღარ უძალადია.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დანაშაულის - განზრახ მკვლელობის - დამთავრებაზე ნებაყოფლობით ხელის აღების დ. ა. ნ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან, ფაქტობრივად დამდგარი შედეგის მიხედვით, მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ და მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე.
12. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ. ა. ნ-მ ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც არცერთი მხარე სადავოდ არ ხდის. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი და რასაც სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში არ უთითებს.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე