Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №862აპ-20 ქ. თბილისი

გ-ი ა-ი, 862აპ-20 20 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის განაჩენით ა. გ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. გაუქმდა ა. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა: ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 6 ივლისიდან 2020 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. გ-მა ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.

3. ა. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (32 ეპიზოდი), ასევე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

· აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის 29 მაისს, დღის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ა. გ-მა, ზ. გ-სა და მ. ს-თან ერთად, უკანონოდ შეაღწია ლ. კ-ს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ-ში, დიდ დ-ში, მე-3 მ/რ-ნში, სტრაბონის ქ. №-, ბინა №--ში, საიდანაც ფარულად დაეუფლა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ლ. კ-ის კუთვნილი სამკაულები და აქსესუარები, რითიც დაზარალებულს მიადგა 12495 ლარის – დიდი ოდენობით ქონებრივი სახის ზიანი.

4. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ც- საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ა. გ-ის ბრალეულობა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის, ასევე – მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2019 წლის 10 ივნისის №-- დასკვნით, ბინის ჩხრეკის ოქმებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ნივთის ამოცნობის ოქმებითა და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. გ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

7. კასატორი ა. გ-ის უდანაშაულობის დასადასტურებლად უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სისხლის სამართლის საქმეში №303აპ-08 განაჩენის გაუქმების (და არა – სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის) ერთ-ერთი საფუძველი, სხვა საფუძვლებთან ერთად, იყო სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევა ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების დროს და არა – თავად ექსპერტიზის სანდოობის საკითხი; ამასთან, მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა მსჯავრდებულთა მიმართ არ შეწყვეტილა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს №510აპ-14 გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა მტკიცებულებათა არასაკმარისობა, კერძოდ, ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ხოლო საქმეზე №448აპ-14 – არ არსებობდა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებები განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია და ვერ გახდება განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გამართლების საფუძველი. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ, ირიბი მტკიცებულებების გარდა, საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენით დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ა. გ-ი დამნაშავედ ცნო მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

10. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ა. გ-ი ამ დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 თებერვლის განაჩენით. გარდა ამისა, არ არის წარმოდგენილი ცნობა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და დაზარალებულის თანხმობა, რომ მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათი. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება ა. გ-ისათვის შეფარდებულ სასჯელზე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი