Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№863აპ-20 ქ. თბილისი

ა-ი გ-ი, 863აპ-20 15 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ა-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· გ. ა-ი თვეების განმავლობაში, თანაცხოვრების პერიოდში, 2020 წლის 2 იანვრის ჩათვლით, ქ. თ-ში, ფ-ის ქ. №--ში, ხ. ა-ას, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, აგინებდა, სისტემატურად მიმართავდა დამამცირებელი სიტყვებით, რის გამოც ხ. ა-ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

· 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში ქ. თ-ში, ფ-ის ქ. №--ში, გ. ა-მა ხ. ა-ას დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 2 იანვარს ქ. თ-ში, ფ-ის ქ. №-, ბინა №10-ში, გ. ა-მა ხ. ა-ას რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში და ფეხი – ფეხის არეში, ასევე ესროლა საგანი სახეში, რის გამოც ხ. ა-ას გაუსკდა წარბი და წამოუვიდა სისხლი. ჩადენილი ქმედებების შედეგად ხ. ა-ას მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. ა-ის, –ნასამართლობის არმქონის, – მიმართ წარდგენილი ორი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი და სისტემატური შეურაცხყოფა/დამცირების ეპიზოდი), გაერთიანდა ერთ ბრალდებად; გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2020 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 19 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა: გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 დამოუკიდებელი ეპიზოდი) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2020 წლის 2 იანვრიდან იმავე წლის 19 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელების გამკაცრება და მისთვის სასჯელის სახედ რეალური თავისუფლების აღკვეთის და არა – პირობითი მსჯავრის – გამოყენება.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, მსჯავრდებულ გ. ა-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა, ნასამართლობის არქონა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელები (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ა-ისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი