საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№866აპ-20 ქ. თბილისი
დ-ი ზ-ბ, 866აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჯ. ზ-ისა და პ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 მაისის განაჩენით ზ. დ-ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რამაც შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 2000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. დ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2015 წლიდან ე. თ-ი და ზ. დ-ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქ. თ-სში, ს. ც-ის ქ. №- ბინა №--სა და ვ-ის ქ. №--ში თანაცხოვრებისას, რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, ზ. დ-ი სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე – ე. თ-ზე. მათ შორის ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა 2019 წლის 27 ოქტომბერს, დღის საათებში, ქ. თ-ში, ს. ც-ის ქ. №- ბინა №--ში, კერძოდ: ზ. დ-მა ე. თ-ს თავში ჩაარტყა ცოცხი, დაუწყო ხელითა და ფეხით ცემა, გაშლილი მარჯვენა ხელით ურტყამდა სახის მარცხენა არეში, ასევე ურტყამდა ფეხებს ტანისა და წვივების არეში, შემდეგ კი დანის ხის ტარი ჩაარტყა თავში. ძალადობრივი ქმედებები მან ასევე ჩაიდინა მომხდარ ფაქტამდე ერთი კვირით ადრეც. ზ. დ-ის ქმედებების შედეგად ე. თ-ი განიცდიდა ტანჯვას.
· 2015 წლიდან ე. თ-ი და ზ. დ-ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქ. თ-ში, ს. ც-ის ქ. №-, ბინა №--სა და ვ-ის ქ. №-ში თანაცხოვრებისას, რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, ზ. დ-ი სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს – ე. თ-ს, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
· 2019 წლის 27 ოქტომბერს, დღის საათებში, თ-ში, ს. ც-ის ქ. №-, ბინა №--სა და ვ-ის ქ. №--ში, ზ. დ-ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ე. თ-ს, ასევე ემუქრებოდა, რომ მისი საქციელის გამო მოკლავდა ე. თ-ის ძმასა და ბებიას. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა, ზ. დ-ის წინარე ქმედებებიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ჯ. ზ-ემ და პ. ე-ემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ზ. დ-ისათვის სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით – საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მინიმუმამდე შემცირების შესახებ – საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კოდექსის ეს ნორმა არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს და სასამართლო უფლებამოსილია, მსჯავრდებულს ინდივიდუალურად განუსაზღვროს სასჯელი, მისი პიროვნების, წარსული ცხოვრების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით. გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით ზ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 5 ნოემბრის წერილის თანახმად, ზ. დ-ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. დ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ჯ. ზ-ისა და პ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი