Facebook Twitter

საქმე # 190100120003560932

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №876აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი ტ., 876აპ-20 28 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის განაჩენით ტ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 111 ,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით; სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ტ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით.

მსჯავრდებულ ტ. მ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 16 თებერვლიდან.

გაუქმდა ტ. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდა შემდეგნაირად: სისხლისმაგვარი ლაქები, ანაწმენდები, მოწითალო ლაქები, სუნის ნიმუშები, დანა, ხ. გ–სა და ტ. მ–სგან აღებული სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშები, სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს; მსჯავრდებულის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხ. გ–სგან ამოღებული ტანსაცმელი, ხ. გ–ს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სანთებელები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მობილური ტელეფონი, ქალის ჩუსტები, ქუდი, კაპიუშონიანი ქურთუკი - უნდა დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკზე - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტ. მ–მ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

ტ. მ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

- 2019 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ტ. მ–მ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ..........ის რაიონის სოფელ ..........ში არასრულწლოვანი შვილის - ა. გ–სა და მეუღლის დის - ხ. გ–ს თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელი გამოჭრა თავის მეუღლეს - ხ. გ–ს, ასევე მიაყენა რამდენიმე დაზიანება სხეულის ზედა ნაწილში.

- 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ტ. მ–მ ..........ის რაიონის სოფელ ............ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, მასთან კონფლიქტის დროს, მეუღლის დას - ხ. გ–ს დანის გამოყენებით, მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში მიაყენა დაზიანება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

- 2019 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ტ. მ–ი 2020 წლის 15 თებერვალს ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ტ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და ტ. მ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 აპრილის დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ტ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. მ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ ტ. მ–ი ბრალის აღიარებით გამოცხადდა და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, უდავო გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. ამასთან, ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ტ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მას სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები (ტ. მ–ი წარსულში ნასამართლევია ასევე განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის ოჯახის წევრის მიმართ და ამასთან, დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული), ასევე - დანაშაულების ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ტ. მ–მ ჩაიდინა სამი სხვადასხვა სახის განზრახი, ნაკლებად მძიმე და მათ შორის - განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, ისევ ოჯახის წევრის მიმართ), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ტ. მ–ი ეჭვიანობის გამო პასუხს სთხოვდა მეუღლეს), რის შესაბამისადაც, მას განუსაზღვრა კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

3. ამასთან, მსჯავრდებულ ტ. მ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: მითითებული კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. აღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, ტ. მ–ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით და განესაზღვროს 4 (ოთხი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.

4. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111 ,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი რაიმე სახის შეღავათს არ ითვალისწინებს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ხოლო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წინაშე დაზარალებულს არ განუცხადებია თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამნისტია, მსჯავრდებულ ტ. მ–ს მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ აღსრულდება. ამდენად, ტ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 ,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ტ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:

3. ტ. მ–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად განესაზღვროს - 4 (ოთხი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა სასჯელმა - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 4 (ოთხი) თვითა და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ტ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ტ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 16 თებერვლიდან;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი