Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№879აპ-20 ქ. თბილისი

ბ-ი მ-ზ, 879აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ბ-ს, – ბრალად დაედო პოლიციელსა და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ს-ოს რაიონის სოფელ ბ-ის მიმდებარედ გამავალ კახეთის გზატკეცილზე შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა – გ. ლ-მა, ლ. ჭ-ემ და ვ. გ-მა, უკანა სანომრე ნიშნების არქონის გამო, გადამოწმების მიზნით, შეაჩერეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა (სახ. №-), რომელსაც ზ. ქ. მართავდა და რომელშიც იჯდა მგზავრი მ. ბ-ი. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ მძღოლი იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ, ადგილზე გამოიძახეს დამატებითი ჯგუფი, ზურაბ ქურდაძე გადაიყვანეს შსს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილებაში. ადგილზე დარჩენილმა მ. ბ-მა უკამაყოფილება გამოხატა პოლიციელთა მიერ მისი გაჩერების გამო და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ქვით ჩაამტვრია „ტოიოტა ჰაილუქსის“ მარკის პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის (სახ. №-) გვერდითა საქარე მინა და სახეში ხელი დაარტყა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გიორგი ლალიაშვილს, რომელსაც დაუზიანა სამსახურებრივი ქურთუკი.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გოჩა ჯანყარაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

5. გამართლებულ მ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. გ-ი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა მისი მსჯავრდებისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მტკიცებულებათა სათანადო და ობიექტური შეფასების შედეგად, სამართლიანად გადაწყვიტეს გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასიკეთოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი