Facebook Twitter

საქმე # 330100118002689369

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№887აპ-20 27 აპრილი, 2021 წელი

მ–ი თ., 887აპ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ–ს ადვოკატ კ. ხ–ს და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. მ–ს ადვოკატმა კ. ხ–მ და თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა იმედა გუგუშვილმა.

2. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ თ. მ–ს ავტომანქანა გადავიდა საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სამოძრაო ნაწილში და შეეჯახა შემხვედრად მოძრავ ავტომანქანას, რომელსაც, თავის მხრივ, შეეჯახა სხვა ავტომანქანა, რის შედეგადაც ავტომანქანაში მსხდომთაგან - გ. ჩ–ე და თ. კ–ე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ. მ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; კასატორი სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, თუ რამ გამოიწვია თ. მ–ს ავტომანქანის საპირისპირო ზოლში გადასვლა და აღინიშნებოდა თუ არა მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა; კასატორის შეფასებით, შემთხვევის თვითმხილველთაგან - მოწმე მ. ჯ–ი არის მიკერძოებული, რადგან გარდაცვლილ თ. კ–ს მეგობარია, ხოლო მისი განმარტებები - ურთიერთგამომრიცხველი და საეჭვოა; მოწმე ა. ჯ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებს, ვინაიდან დადასტურებულია, რომ გზის გადამკვეთი ქვეითის დანახვას იგი ვერ შეძლებდა; სასამართლომ, ერთი მხრივ, უპირობოდ გაიზიარა მოწმე მ. ჯ–ის ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის მიერ გამოძიებისას მიცემულ განმარტებებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის უგულებელყოფით თ. მ–ს განაჩენის მოტივაციას საფუძვლად დაუდო მის მიერ გამოძიებაში, გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რომელიც სასამართლოში არ გამოქვეყნებულა და ექსპერტიზის №........ დასკვნა, რომლის გამცემმა ექსპერტმა განმარტა, რომ არა თ. მ–ს გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, მის საწინააღმდეგო კატეგორიულ დასკვნას ვერ გასცემდა; მოწმეების - ნ. და რ. კ–ს ჩვენებები არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, ხოლო მოწმე ლ. ნ–ს ჩვენება არის ირიბი და ეფუძნება ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა; სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება, რომ იგი მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც ქვეითმა შეუქმნა მოძრაობაში საფრთხე და შეჯახების თავიდან ასაცილებლად საჭე მომართა მარჯვნივ, რითაც მართალია, შეძლო ქვეითთან შეჯახების არიდება, მაგრამ აღმოჩნდა საწინააღმდეგოდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სამოძრაო ზოლში, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას.

3. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლასა და თ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასა, თუმცა გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება თ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებისას, ვინაიდან არ გაიზიარა მოწმე თ. კ–ს განმარტება ოპერაციის პროტოკოლში მითითებული დროის უზუსტობასთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ თ. მ–ს მიერ ,,მორფინის“ მოხმარება საბოლოოდ არც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დადასტურებულა, რასაც კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ნარკოდამოკიდებულია, გადიოდა ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს; 2018 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ თ. მ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ხანდაზმულობის გამო და არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის არარსებობის მიზეზით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა; დადგენილია, რომ თ. მ–ს 2018 წლის 25 მაისს, 04:30-04:50 საათის შუალედში, აუღეს სისხლის ნიმუში და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის“ მოხმარება; იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა იმავე დღეს, 05:10-06:50 საათზე, ხოლო ტკვილგამაყუჩებლის სახით ,,მორფინი“ გაუკეთდა - 07:00 საათზე, ცალსახად დადგენილია, რომ იგი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ,,მორფინის“ ზემოქმედებისას; სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ თ. მ–ი გამოძიებასა და სასამართლოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევას სხვადასხვაგვარად ხსნიდა, რაც დაცვის ტაქტიკად მიიჩნია და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინა მომხდარის გამო თ. მ–ს სინანული და მისი მზადყოფნა, დაზარალებულებისათვის აენაზღაურებინა ზიანი, რაც კასატორისათვის გაუგებარია, ვინაიდან მსჯავრდებული სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა და მისი სინანული არ ყოფილა გულწრფელი; ამასთან, თ. მ–ი 2018 წლის 11 აპრილს, ამავე წლის 3 მაისსა და 8 მაისს ადმინისტრციულად დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც მიუთითებს საგზაო წესებისა და მართლწესრიგის მიმართ მის დამოკიდებულებაზე; კასატორი მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის გათვალისწინებით, რომელიც მომეტებული საფრთხის მატარებელია, ქმედების განხორციელების ხერხის (გადაჭარბებული სიჩქარით გზის საპირისპირო მიმრთულებით მოძრაობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგის (გარდაიცვალა ორი ადამიანი, ხოლო ერთმა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება), მსჯავრდებულის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებისას ავტომანქანის მართვის ფაქტის მხედველობაში მიღებით, თ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით თ. მ–ი, - დაბადებული 19.. წლის 19 თებერვალს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 10 სექტემბრიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ–მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 01:50 საათზე, ქ. ......ში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, .........ის ქუჩაზე, თ. მ–მ, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ოპელ-ასტრას“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,მერსედესს“, რომელსაც მართავდა გ. ჩ–ე. შეჯახების შედეგად, ავტომობილი ,,მერსედესი“ გადაადგილდა მარჯვნივ და მას შეეჯახა თანხვედრად მოძრავი ავტომობილი ,,სუზუკი“, რომელსაც მართავდა ა. ჯ–ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო, გ. ჩ–ე და თ. კ–ე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ. მ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ს ადვოკატმა კ. ხ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება; თ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2018 წლის 10 სექტემბრიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. მ–ს ადვოკატ კ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 მაისს ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე, თ. მ–ი, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ოპელ-ასტრას“, გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,მერსედესს“, რომელსაც მართავდა გ. ჩ–ე. ავტომობილი ,,მერსედესი“ შეჯახების გამო გადაადგილდა მარჯვნივ და მას შეეჯახა თანხვედრად მოძრავი ავტომობილი ,,სუზუკი“, რომელსაც მართავდა ა. ჯ–ე. ავტოსანტრასპორტო შემთხვევის შედეგად ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფთაგან - თ. კ–ე და გ. ჩ–ე გარდაიცვალნენ, ხოლო ,,ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომანქანაში მყოფმა ზ. მ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება; მხარეებს შორის დავის საგნად იყო ქცეული ის გარემოება, დაარღვია თუ არა თ. მ–მ მოძრაობის წესები, რამაც, ერთი, მხრივ თ. კ–სა და გ. ჩ–ს სიცოცხლის მოსპობა, ხოლო, მეორე მხრივ, ზ. მ–ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნია თ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ. ჯ–ის, ა. ჯ–ს, ზ. მ–ს, რ. კ–ს, ნ. კ–ს, ნ. კ–ს, გ. შ–ს, რ. მ–სა და ლ. ნ–ს ჩვენებებით, ცნობით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებითა და თანდართული სქემებით, სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №....., სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........, სამედიცინო ექსპერტიზის №........., №........., №......., №......... დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

4. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ თ. მ–ს მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს - მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება - რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ხოლო ავტომობილების ,,სუზუკისა“ და ,,მერსედესის“ მძღოლები - ა. ჯ–ე და გ. ჩ–ე, ტექნიკური თვალსაზრისით, მოცემულ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდნენ და მათ მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა, კონკრეტული საგზაო-სატრასპორტო შემთხვევა, არ იკვეთება, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - მ. ჯ–ისა და ა. ჯ–ს ჩვენებებით უპირობოდ გამოირიცხა დაცვის მხარის მტკიცება, რომ თ. მ–ი მოძრაობდა მცირე სიჩქარით (60 კმ/სთ), ხოლო საპირისპიროდ მოძრავ ზოლში მისი ავტომანქანის გადასვლა განაპირობა ქვეითად მოსიარულის მიერ მოულოდნელი საფრთხის შექმნამ. კერძოდ, მ. ჯ–ის ჩვენებით, რომელიც თ. კ–სთან ერთად მოძრაობდა გ. ჩ–ს,,მერსედესის“ მარკის ტაქსით, ცალსახად დგინდება, რომ მათ ავტომანქანას შეეჯახა საპირისპირო მხრიდან ძალიან სწრაფად მომავალი ავტომანქანა, რომელიც წამებში გადავიდა მათ სამოძრაო ზოლში და ისე ელვისებურად შეეჯახათ, რომ მძღოლისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, შეჯახებამდე გზა იყო თავისუფალი და რაიმე დაბრკოლება არ შექმნილა, ხოლო მოწმე ა. ჯ–ს ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ დიდი სისწრაფით მოძრავი ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა გადავიდა საპირისპიროდ მოძრავ ზოლში, დაეჯახა ,,მერსედესს“, რომელიც გადაადგილდა მარჯვნივ და რომელსაც თავის მხრივ შეეჯახა მისი ავტომანქანით. ა. ჯ–ემ დარწმუნებით მიუთითა, რომ გზა იყო საკმაოდ განათებული, მის თვალთახედვას არაფერი უშლიდა ხელს და შემთხვევამდე გზაზე არავის გადაურბენია, ვისაც ასეთის შემთხვევაში აუცილებლად დაინახავდა, რითაც ფაქტობრივი საფუძველი გამოეცალა თ. მ–ს მტკიცებას, რომ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ დაურღვევია და ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ერთი ადამიანის ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება მოჰყვა, მისი ბრალი არ ყოფილა.

5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მოწმეების - მ. ჯ–ისა და ა. ჯ–ს ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად თ. მ–ს მსჯავრდებას, ვინაიდან, ერთი მხრივ, მ. ჯ–ის განმარტებები ურთიერთგამომრიცხველი და საეჭვოა, იგი გარდაცვლილი თ. კ–ს მეგობარია და თ. მ–ს მიმართ არის მიკერძოებული, ხოლო, მეორე მხრივ, ა. ჯ–ს ჩვენება არ დასტურდება სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №......... დასკვნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ის ფაქტი, რომ მ. ჯ–ი გარდაცვლილ თ. კ–ს მეგობარია, შემთხვევის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში და პირადად შეესწრო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მეგობრის გარდაცალებას - მოცემულობაა, ხოლო მისი ჩვენება - ფაქტის თვითმხილველის მონათხრობი. საკასაციო სასამართლოსთვის გაუგებარია კასატორის მტკიცება, რატომ უნდა შეჰყავდეს მ. ჯ–ს მართლმსაჯულება შეცდომაში და აბრალებდეს თ. მ–ს არჩადენილ დანაშაულს მხოლოდ იმიტომ, რომ გარდაცვლილი მისი ახლო მეგობარია? საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არაგონივრულია მოწმის ჩვენების იმთავითვე არასანდოდ მიჩნევა გარდაცვლილთან მისი დამოკიდებულების გამო, რადგან მ. ჯ–ის განმარტებებში არ არის გამოკვეთილი იმგვარი წინააღმდეგობები, რაც მის მტკიცებას საეჭვოს გახდიდა, არის დამაჯერებელი და დასტურდება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით; საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომელმაც არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №............ დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ ,,სუზუკის“ მძღოლი ა. ჯ–ე თავისი სამუშაო ადგილიდან გზის გადამკვეთი ქვეითის დანახვას, ტექნიკური თვალსაზრისით, ვერ შეძლებდა, რადგან ცალსახაა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მოწმე ა. ჯ–ს ჩვენების სანდოობის შესამოწმებლად, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია. საკასაციო სასამართლომ უშუალოდ შეაფასა მოწმე ა. ჯ–ს ჩვენება და მიიჩნია, რომ იგი იყო თანმიმდევრული და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და რაიმე მოტივი, რაც საეჭვოს გახდიდა მის მიუკერძოებლობას, არც საქმის მასალებით დადგენილა და ვერც დაცვის მხარე უთითებს თავის საკასაციო საჩივარში. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის №....... დასკვნის იმ ნაწილს, სადაც მითითებულია: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანზმი ტექნიკური თვალსაზრისით განვითარდა იმ პირობებში, როგორც ამას ვტომობილ ,,ოპელ ასტრას“ მძღოლი თ. მ–ი განმარტავს თავისი დამატებითი გამოკიხვის ოქმში, ასეთ პირობებში თ. მ–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული შემთხვევა, არ აღინიშნება, ვინაიდან როგორც კვლევის აღწერილობითი და დასკვნითი ნაწილებიდანვე ნათლად იკითხება, ზემოაღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებულია მხლოდ ერთი დაშვებითა და მხოლოდ თ. მ–ს განმარტებების მხედველობაში მიღებით, რომლის საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში არსებული ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც საკასაციო სასამართლომ ზემოთ უკვე იმსჯელა.

6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომელმაც თ. მ–ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას მოიშველია მის მიერ გამოძიებისას, გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ დანაწესს - თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად - ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ–ს ჩვენება ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ფაქტობრივი მოცემულობაა და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, რომ შემთხვევას ჰყავდა სულ ექვსი თვითმხილველი - გ. ჩ–ე, თ. კ–ე, მ. ჯ–ი, ა. ჯ–ე, ზ. მ–ი და თ. მ–ი, რომელთაგან გ. ჩ–ე და თ. კ–ე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ. მ–სშემთხვევის დროს მანქანაში ეძინა, რისი მხედველობაში მიღებითაც, მტკიცების საგანთან მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოწმეების - მ. ჯ–ისა და ა. ჯ–ს ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვდენილად და დამაჯერებლად აღწერენ მოვლენებს და ამხელენ თ. მ–ს დანაშაულის ჩადენაში, რომლის ბრალეულობა ასევე სარწმუნოდ არის დადგენილი სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით, რომლებიც, ერთობლივად აღებული, უკარგავს თ. მ–ს მონათხრობს სანდოობას და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №............ დასკვნა ეფუძნება თ. მ–ს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციას და მისი მსჯავრდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებად გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, ვინაიდან დადგენილია, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტს წარედგინა სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე ,,ოპელ ასტრას“, ,,მერსედესისა“ და ,,სუზუკის“ მარკის ავტომანქანები, რომლებზეც ჩატარდა კვლევა და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთობლივად შეფასების შედეგად, გაიცა ზემოაღნიშნული დასკვნა; საექსპერტო კვლევის აღწერილობით ნაწილში მითითებულია: შემთხვევაში მონაწილე „ოპელ ასტრას“ მარკის ავტომობილის მძღოლის, თ. მ–ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, თ. მ–ი თავისი მართული ავტომობილით მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით უკიდურეს მარცხენა სამოძრაო ზოლში, ჩართული ჰქონდა ახლო განათების ფარები და ასევე, მხედველობა ჰქონდა შეუზღუდავი. მოძრაობისას, მან დაიწყო მოსახვევში შესვლა სავალი ნაწილის მიმართულების მიხედვით, რის გამოც საჭე მიმართა მარცხნივ და მაშინ, როდესაც გასცდა მოსახვევს და გზის სავალი ნაწილი გასწორდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე და დაეჯახა შემხვედრად, მარცხენა ზოლში მოძრავ მსუბუქ ავტომობილს, მაგრამ ექსპერტიზით დადგინდა, რომ შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე უნდა ყოფილიყო ტექნიკურად გამართული და მწყობრიდან უნდა გამოსულიყო უშუალოდ შეჯახების დროს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილის საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა საჭის მართვის მექანიზმის გაუმართაობით, ტექნიკური თვალსაზრისით, არ მოხდებოდა, შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმი არ განვითარდებოდა იმ პირობებში, როგორშიც ეს შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ოპელის“ მძღოლის გამოკითხვის ოქმშია მოცემული. ამდენად, დაცვის მხარის მოტივაცია სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №............ დასკვნის გამოყენებით თ. მ–ს თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლების დარღვევასთან მიმართებით მცდარია, ვინაიდან საექსპერტო კვლევით გამოირიცხა თ. მ–ს მიერ გამოძიებისათვის იმ ეტაპზე მიწოდებული ვერსია და მისი გამოკითხვის ოქმი არ დასდებია საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ. მ–მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - კანონიერია.

8. რაც შეეხება მსჯავრდებულ თ. მ–სათვის შეფარდებულ სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა შესაბამისად შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე -Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242; Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ფარგლებშიც უნდა შეეფარდოს სასჯელი თ. მ–ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

11. საკასაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება. ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული ზომის სასჯელის შერჩევა, რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ შემსუბუქებული სასჯელის ზომა არ შეესაბამება თ. მ–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

12. საკასაციო სასამართლო ინდივიდუალურად შეაფასებს, ერთი მხრივ, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის პიროვნებას, რის საფუძველზეც განსაზღვრავს, გამოკვეთილი იყო თუ არა სასჯელის შემსუბუქების წინაპირობები და რამდენად უზრუნველყოფს შეფარდებული სასჯელი მის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ თ. მ–ს ქმედებაში გამოკვეთილია ორი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რამაც ერთ შემთხვევაში გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო მეორე შემთხვევაში - ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და, მიუხედევად იმისა, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებებისათვის იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელ გარემოებათა კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და თ. მ–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სწორად არ მიუთითა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედებისას სატრანსპორტო საშუალების მართვა, რადგან სისხლის სამართლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. მ–ს 2018 წლის 25 მაისს, 04:30-04:50 საათის შუალედში, აუღეს სისხლის ნიმუში (ოქმში საპროცესო მოქმედების დაწყების დრო ჩასწორებულია), რომლის საფუძველზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური №............ ექსპერტიზის დასკვნით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინის“ მოხმარება, თუმცა ოპერაციის №.... პროტოკოლის მიხედვით, თ. მ–ს ოპერაცია მიმდინარეობდა 2018 წლის 25 მაისს, 04:10-06:50 საათის შუალედში. ცალსახაა, რომ მსჯავრდებულისათვის სისხლის ნიმუშის აღების დრო ემთხვევა მისი ოპერაციის მიმდინარეობის დროს; ექიმ-ანესთეზიოლოგ თ. კ–ს განმარტებით, ოპერაციის პროტოკოლში ქირურგმა შეცდომით მიუთითა ოპერაციის დრო, რომელიც რეალურად 05:10-06:50 საათის დროის შუალედში მიმდინარეობდა, ხოლო თ. მ–ს ,,მორფინი“ გაუკეთეს ოპერაციის შემდეგ, მაგრამ საყურადღებოა, რომ ქირურგი, რომელმაც შესაძლოა, სამედიცინო დოკუმენტაციაში დაუშვა შეცდომა, სასამართლოში არ დაკითხულა. ამდენად, იმის მხედველობაში მიღებით, რომ თ. მ–ს საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ ტკივილგამაყუჩებლის სახით მიეცა სწორედ ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“, ამასთან, სარწმუნოდ ვერ დგინდება მისთვის სისხლის ნიმუშის აღების ზუსტი დრო, რომელიც საფუძვლად დაედო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, უტყუარად ვერ დასტურდება, რომ თ. მ–ს ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი“ ჰქონდა მოხმარებული და მართავდა სატრანსპორტო საშუალებას.

15. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული გამოძიებასა და სასამართლოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევას სხვადასხვაგვარად ხსნიდა, რაც, დაცვის ტაქტიკად მიიჩნია და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გაითვალისწინა მომხდარის გამო მსჯავრდებულის სინანული და მისი მზადყოფნა, დაზარალებულებისათვის აენაზღაურებინა ზიანი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის ზოგადი წუხილი მომხდარი შემთხვევის გამო, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო მესამემ - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, ვერაფრით შეუმსუბუქებს მას ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, ვერ შეუწყობს ხელს, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობით; სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, გაითვალისწინა გარდაცვლილ გ. ჩ–ს უფლებამონაცვლის, ნ. კ–ს პოზიცია, რომელსაც მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო, მეორე მხრივ, უგულებელყო გარდაცვლილ თ. კ–ს ოჯახის ინტერესები, რომლებიც ითხოვდნენ თ. მ–ს მკაცრად დასჯას, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მისი სინანული არასდროს ყოფილა გულწრფელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა სხვა არაფერია, თუ არა დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება მსჯავრდებულისათვის ადეკვატური, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით, განსაკუთრებით ისეთი კატეგორიის საქმეებზე, რომლებსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა და სასამართლოს, დარღვეული უფლების ხარისხის მხედველობაში მიღებით, კიდევ უფრო მეტად მართებს გულდასმით მოეკიდოს თითოეული დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს და თავი შეიკავოს არაგონივრული ლმობიერებისაგან.

16. რაც შეეხება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენამდე მცირე ხნით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს, თ. მ–ი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; 2018 წლის 3 მაისს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის - მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა) და 2018 წლის 8 მაისს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - რაც ცალსახად ზრდის მსჯავრდებულის მართლწინააღმდეგობის ხარისხს და მიუთითებს, რომ სასჯელის შემსუბუქება ვერ დააზღვევს თ. მ–ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება მისთვის დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელი იყო კანონიერი და სამართლიანი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულის ქმედება პასუხისმგებლობის არაერთი დამამძიმებელი გარემოებით ხასიათდება, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ დადგენილა, არ იყო გამოკვეთილი სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემსუბუქების წინაპირობები, რისი მხედველობაში მიღებითაც, თ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის უნდა შეეფარდოს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. მ–ს ადვოკატ კ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ იმედა გუგუშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. თ. მ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს 2018 წლის 10 სექტემბრიდან;

5. თ. მ–ს ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2 წლით;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი