საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№890აპ-20 ქ. თბილისი
მ-ი ზ-ბ, 890აპ-20 19 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენით ზ. მ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2019 წლის 9 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენით ზ. მ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 სათზე, თ-ის რაიონის სოფელ მ-ში, ო. მ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ. მ-მა არასრულწლოვანი შვილის – გ. მ-ის თანდასწრებით, ჯერ ხელთ ნაქონი დანა დაარტყა ო. მ-ს გულმკერდის არეში, ხოლო შემდეგ – ხის ნაჭერი ჩაარტყა თავში. მიყენებული დაზიანებების შედეგად ო. მ-ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-მა. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას 16 წლით თავისუფლების აღკვეთამდე და, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა ზ. მ-მა სრულად აღიარა დანაშაული, მტკიცებულებები ცნო უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ჰყავს მოხუცი და ავადმყოფი დედა, რომლის მარჩენალი თვითონაა; მას აღენიშნება ინტელექტუალური განვითარების დაბალი დონე.
5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი თეონა გოდერძიშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი ზ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ჩადენილი ქმედების სახესა და მოვალეობათა დარღვევის ზომას, ზ. მ-ის ქცევას შემთხვევამდე და შემთხვევის შემდეგ, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის ზომის შემსუბუქება და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი