საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№891აპ-20 ქ. თბილისი
გ-ა ბ-ო, 891აპ-20 16 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ბ. გ-ა, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ამ ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განაჩენით ბ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით, 11 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 500 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, ბ. გ-ას 2012 წლის 27 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. 2015 წლის 22 იანვარს ბ. გ-ა გათავისუფლდა სასჯელის მოხდით.
· 2018 წლის 16 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, მ-ს სადგურ „დ-ის“ ვესტიბიულში, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ბ. გ-ა ატარებდა მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი გ. ჯ-ა ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ბ. გ-ასათვის მინიმალური ჯარიმის დაკისრებას, საჩივარში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
5. თბილისის პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულ ბ. გ-ასათვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ – პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ბ. გ-ას, საკასაციო პალატის აზრით, დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით დადგენილი კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი უკვე გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ბ. გ-ასათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. გ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი