Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №893აპ-20 ქ. თბილისი

თ-ე მ-ზ, 893აპ-20 2 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ფაფიაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების – ვლადიმერ ვექილიანისა და გიორგი მუჯირის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. თ-ეს ბრალი დაედო გულგრილობაში, ე.ი. ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ხოლო გ. მ-ს – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· მ. თ-ე დასაქმებული იყო სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ უსაფრთხოების სამსახურში ცვლის უფროსის თანამდებობაზე. მას ევალებოდა დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების კონტროლი და მათი მეშვეობით შესაძლო კანონსაწინააღმდეგო, ორგანიზაციისათვის საფრთხის შემცველი ქმედებების, ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

· 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, სამსახურში მყოფმა მ. თ-ემ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა – არ მიიღო სათანადო ზომები სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შენობის უსაფრთხოების დაცვისათვის, თავისი სამართავი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ ასახული ინფორმაციის სათანადო კონტროლისათვის, კონტროლის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და სათანადო რეაგირებისათვის, რის გამოც შესაძლებელი გახდა ქ. თ-ში, თ. მ-ის ქ. №-ში მდებარე სს “ს-ო ც-ი ბ-თა ს-ოს“ შენობის ნაწილში (ე.წ. “ბ-ა ნ. მ-ში“) ხანძრის გაჩენა.

· ხანძრის გაჩენის შემდეგ მ. თ-ემ კვლავ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა – არ მიიღო სათანადო ზომები ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ ასახული ინფორმაციის სათანადო კონტროლისათვის, კონტროლის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესწავლისა და სათანადო რეაგირებისათვის, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო ხანძრის დროულად დაფიქსირება და ხანძრის ფაქტი აღმოაჩინა მხოლოდ დაცვის წევრებისაგან მიღებული შეტყობინების შემდეგ. შესაბამისად, ხანძრის შესახებ შეტყობინების გადაცემა მოხდა არსებითი დაგვიანებით. ხანძრის შესახებ დროული შეუტყობინებლობის გამო, სახანძრო- სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება “ბ-ა ნ. მ-ის“ სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა “ბ-ა ნ. მ-ის“ მთელ ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრ “ბ-თა ს-ოს“ შენობაში, რომლებიც განადგურდა; ასევე განადგურდა მათში არსებული სარეალიზაციო საქონელი და ინვენტარი, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

· 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური უფლებამოსილი ორგანოს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტის) ქ. თბილისის დ-ის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების“ თანამშრომლებმა დეტალურად შეამოწმეს (გამოიკვლიეს) ქ. თ-ში, თ. მ-ის ქ. №-ში მდებარე სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შენობა-ნაგებობის სახანძრო-ტექნიკური მდგომარეობა.

· შემოწმების შედეგად სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შენობა-ნაგებობის სახანძრო-ტექნიკურ მდგომარეობაში აღმოაჩინეს რიგი მნიშვნელოვანი დარღვევა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №370 დადგენილების თანახმად, სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს – საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორ გ. მ-ს 2015 წლის 6 ოქტომბერს დაევალა, რომ გონივრულ პერიოდში – 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა შემდეგი სავალდებულო ღონისძიებები:

1) გაუქმებული ხანძარსაწინააღმდეგო შიდა წყალმომარაგების სახანძრო სისტემის (ონკანების) დაკომპლექტება სახელოებითა და ლულებით; სახანძრო კარადებზე ნუმერაციისა და შესაბამისი წარწერების („სახანძრო ონკანები“) შესრულება;

2) შენობა-ნაგებობაში ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის დამონტაჟება (აღდგენა).

· გ. მ-მა, რომელსაც ევალებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დ-ის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მიერ დადგენილი დარღვევების აღმოფხვრა, არ შეასრულა ხსენებული სამსახურის სავალდებულო მითითება, არ უზრუნველყო სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შენობა-ნაგებობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დასაცავად მიმართული სავალდებულო ღონისძიებების გატარება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია:

· 2017 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, თ. მ-ის ქ. №-ში მდებარე სს “ს-ო ც-ი ბ-თა ს-ოს“ შენობის ნაწილს (ე.წ. “ბ-ა ნ. მ-ს“) გაუჩნდა ცეცხლი. ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის არარსებობის გამო ხანძრის შესახებ შეტყობინების გადაცემა მოხდა არსებითი დაგვიანებით. ხანძრის შესახებ დროულად შეუტყობინებლობისა და სს “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ შენობა-ნაგებობაში წყალმომარაგების სახანძრო სისტემის (ონკანების) გაუმართაობის გამო, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ადეკვატური რაოდენობის ძალებისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა ხანძრის ლოკალიზება “ბ-ა ნ. მ-ის“ სრული ფართობის ნაწილში და ჩაქრობა. შედეგად, ხანძარი გავრცელდა “ბ-ა ნ. მ-ის“ მთელ ტერიტორიასა და ს. ც. “ბ-თა ს-ოს“ შენობაში, რამაც ხსენებული შენობების, მათში არსებული სარეალიზაციო საქონლისა და ინვენტარის განადგურება გამოიწვია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით მ. თ-ე, – - ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ამავე განაჩენით გ. მ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. პროკურორები – ვლადიმერ ვექილიანი და გიორგი მუჯირი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, გ. მ-ის – საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო მ. თ-ის – სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობასა და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას იმ მოტივით, რომ უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ არასწორად შეაფასა; საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მ. თ-ისა და გ. მ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

7. გამართლებულების – გ. მ-ისა და მ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – მ. ჩ-ი, გ. მ-ი და ი. ა-ა შესაგებლებით ითხოვენ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გ. მ-ისა და მ. თ-ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც გაამართლა მ. თ-ე – საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო გ. მ-ი – სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16). საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

12. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა მ. თ-ისა და გ. მ-ის მიერ დანაშაულთა ჩადენას, ვინაიდან:

· საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს სპეციალური ამსრულებელი ჰყავს, კერძოდ, ეს არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილებით. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მ. თ-ე ნამდვილად იყო “ს-ო ს-ი ბ-ა -ოს“ უსაფრთხოების სამსახურში ცვლის უფროსი და მას გააჩნდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი მოვალეობები, არანაირი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება, ინსტრუქცია და ა.შ.) ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია; ასევე არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ სათანადო ვიდეოსამეთვალყურეო კონტროლის განხორციელებისას მ. თ-ეს შეეძლო „ნ. მ-ში“ ხანძრის გაჩენის შემჩნევა.

· ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. მ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის №--დასკვნით: „ნ. მ-ის“ ტერიტორიაზე დადგინდა ხანძრის გაჩენის კერისათვის დამახასიათებელი ინტენსიური წვის სამი უბანი; საკვლევად წარმოდგენილ ნამწვის ნიმუშებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი (აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს საქმეზე მოწმის სახის დაკითხულმა ექსპერტებმა). სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 19 სექტემბრის დასკვნით სრულად გამოირიცხა გ. მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის მასალების, კომპაქტდისკებით წარდგენილი ფოტომასალისა და ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლისა და სამი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ხანძრის გაჩენის კერის დაფიქსირების გათვალისწინების საფუძველზე, ხანძრის ხელოვნურად წარმოქმნის, მისი განვითარების (გავრცელების) დრო, ამაჩქარებლების გამოყენებისა (90 ლ ნავთობპროდუქტი) და ხანძრის სიმძლავრის გათვალისწინებით, სახანძრო ბრიგადების, ადგილობრივი პერსონალის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ონკანებისა და ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის გამართულ მდგომარეობაში არსებობის შემთხვევაშიც კი შპს „ნ. მ-სა“ და სს “ბ-თა ს-ოს“ შენობებში იმ მომენტისათვის ხანძრის გავრცელების შეჩერება და შემდგომ – ლიკვიდაცია პრაქტიკულად და ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, ამ შენობებში ავტომატური სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალგაყვანილობის ონკანებისა და შენობებს შორის ნულოვან სართულზე ხანძარსაწინააღმდეგო კარის არარსებობა და გაუმართაობა, ტექნიკური თვალსაზრისით, არავითარ კავშირში არ არის ხანძრის წარმოქმნასა და მის განვითარებასთან. ხანძრის გავრცელების დრო – 8 წუთი და 34 წამი გაცილებით ნაკლებია იმ მინიმალურ დროზე, რომელიც საჭიროა პირველი სახანძრო სამაშველო დანაყოფის მობილიზაციისათვის – 15 წუთზე. ზემოაღნიშნულ დასკვნას სრულად შეესაბამება სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 7 თებერვლის №- დასკვნა. გარდა ამისა, მოწმე გ. ა-ის ჩვენებით, “ბ-თა ს-ოს“ შენობა აღჭურვილი იყო როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ისე სიგნალიზაციის სისტემებით და მათი განახლება ხდებოდა იმ დღიდან, როცა “ბ-თა ს-ოს“ დირექტორად დაინიშნა გ. მ-ი.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მ. თ-ის მიერ – საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო გ. მ-ის მიერ – სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ („ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).

16. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების – ვლადიმერ ვექილიანისა და გიორგი მუჯირის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ნ. სხირტლაძე