საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №897აპ-20 ქ. თბილისი
მ-ა გ-ლ, 897აპ-20 20 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. მ-ამ, – დაბადებულმა -; ი. მ-მა, – - და ფ. მ-ამ, – -, ჩაიდინეს: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მ-ში, №- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ც-ი ხიდის ქვეშ, გ. მ-ამ და ი. მ-მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, იცოდნენ რა ე. ი-ას ასაკი, მათი დედის – გ. მ-ას ე. შ-თან რამდენიმედღიანი ყოფნისა და გ. მ-ასათვის ყელის არეში დაზიანების მიყენების გამო, დასჯის მიზნით, 15 წლის ე. ი-ას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და წამოიყვანეს თავიანთი სახლისაკენ. გზაში მათ დახვდათ დედა – ფ. მ-ა, რომლისთვისაც ასევე ცნობილი იყო ე. ი-ას ასაკი. ფ-ა, გ. და ი. მ-ებმა ე. ი-ა გადაიყვანეს ქ. მ-ში, ყ-ის ქუჩა №--ში მდებარე თავიანთ მფლობელობაში არსებულ სახლში. მითითებულ ადგილას გ. მ-ამ – დანის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხოლო ფ. მ-ამ – სიტყვიერად, აიძულეს ე. ი-ა, გაეხადა ტანისამოსი, რის შემდეგაც გ. მ-ამ ხელებისა და ფეხების სხეულის არეში დარტყმების, ასევე – თმის ძლიერად მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა ე. ი-აზე. ი. მ-მა სახეში შეაფურთხა გაშიშვლებულ ე. ი-ას, ხოლო ფ-ა და გ. მ-ები ეუბნებოდნენ, რომ პოლიციისათვის მიეცა ცრუ ჩვენება ე. შ-ის წინააღმდეგ, რომ თითქოს, ძალით წაიყვანა ის და გ. მ-ა სახლში მანქანით და შეეცადა გ. მ-ას გაუპატიურებას. შიშველ ე. ი-ას ფ-ა, ი. და გ.ი დასცინოდნენ და „კახპას“ ეძახდნენ, პარალელურად გ. მ-ამ მობილური ტელეფონით ვიდეოჩანაწერზე დააფიქსირა შიშველი ე. ი-ას ცემა და დამცირება. აღნიშნულით ფ-ა, ი. და გ. მ-ებმა დაამცირეს 15 წლის ე. ი-ა, ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში, რითიც მას მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენით:
ი. მ-ი და ფ. მ-ა ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და 1443–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
გ. მ-ას წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა; გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 1443-ე მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და გ. მ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. მ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; გ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მიესაჯა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებულ გ. მ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ას გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან მან ჩაიდინა იძულება და უნდა დაისაჯოს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
6. კასატორი – პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ფ-ა, ი. და გ. მ-ების დამნაშავეებად ცნობას წარდგენილი ბრალდებების მიხედვით და მათთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელების განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ ე. ი-ას, მოწმეების – ე. ბ-ის, ხ. ბ-ის, მ. გ-ის, თ. რ-ის ჩვენებები, CD დისკზე არსებული ჩანაწერი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნა, ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის N--დასკვნა, დათვალიერების ოქმები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. მ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ფ. მ-ასა და ი. მ-ას სრულად, ხოლო გ. მ-ას – საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გამართლების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამიტომ არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საქმის არსებით განხილვაზე დაშვების საფუძველი.
11. წარმოდგენილ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა (ფ. მ-ასა და ი. მ-ის გამართლების, ასევე – გ. მ-ას ნაწილობრივ გამართლების ნაწილში) ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს და არ ადასტურებს ბრალდებულთა ბრალეულობას მათთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ამახვილებენ ყურადღებას მხარეები, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორთა პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მათი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად საპროცესო კოდექსის ისეთი არსებითი დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე, არ გამოვლენილა.
13. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
14. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვისა და ბრალდების მხარეების იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილისა და მსჯავრდებულ გ. მ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი