Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე #898აპ-20 ქ. თბილისი

კ-ი ნ-ზ-898აპ–20 15 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით ნ. კ-ის, – - –საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით წარდგენილი ბრალდება (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (1997 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება – სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2013 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2013 წლის 18 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 18 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 18 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ. კ-ს საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მა ჩაიდინა: დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ანგარებით; დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 1997 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამი ნ. კ-ი შევიდა ქ. თ-ში, ვ-ას გამზ. №--ში მდებარე მაღაზია „ნ-ში“, სადაც მოლარესა და მაღაზიაში მყოფ დანარჩენ თანამშრომლებს შესთავაზა, გადაეხურდავებინათ მისთვის 50 აშშ დოლარი პროდუქტების შესაძენად, მაგრამ, როდესაც დაცვის თანამშრომელ გ. ქ-ისაგან უარი მიიღო, შეძენილი პროდუქტებისათვის საჭირო თანხა გადაიხადა ლარით, რის შემდეგაც წავიდა მაღაზიიდან. დაახლოებით 40 წუთში ნ. კ-ი კვლავ დაბრუნდა მაღაზია „ნ-ში“ დამატებით პროდუქტების საყიდლად და დაჟინებით მოითხოვა, დაეხურდავებინათ მისთვის 50 აშშ დოლარი, მაგრამ, როდესაც მეორედაც უარი მიიღო, სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა საკუთრების დაცვის პოლიციელ გ. ქ-თან, რომელიც იცავდა მაღაზიას. კონფლიქტი რომ უფრო არ გაღრმავებულიყო, მაღაზიის თანამშრომლებმა გადაუხურდავეს ნ. კ-ს 50 აშშ დოლარი და იგი შეძენილი პროდუქტებით წავიდა. დაახლოებით 22:00 საათზე ნ. კ-ი დაბრუნდა მაღაზია „ნ-ში“ და შესვლისთანავე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ის სათანადო ნებართვის გარეშე ატარებდა, გაუხსნა ცეცხლი იქვე, სკამთან მდგარ გ. ქ-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სროლის შედეგად მან ასევე ხელის მტევანში დაჭრა მაღაზიის თანამშრომელი გ. პ.. ამის შემდეგ ნ. კ-მა გამოგლიჯა სალაროს აპარატის უჯრა, რომელშიც იდო 280 ლარი და გაიტაცა. მაღაზიიდან გასვლისას მან განაგრძო სროლა ქუჩიდან, რის შედეგადაც ჩაამტვრია მაღაზიის მინა და დააზიანა მაღაზიის ინტერიერი, რითიც მეპატრონეს მიაყენა 150 ლარის ზარალი, რის შემდეგაც მიიმალა.

· 1994 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ნ. კ-ი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით თავს დაესხა ქ. თ-ში, ც-ის ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ავტომანქანით გაჩერებულ ვ. ლ-ეს. მათ, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გასტაცეს დაზარალებულს ავტომანქანა „გაზ-24“, სახელმწიფო ნომრით – „--“, საბუთები და სამსახურის, კერძოდ, მცხეთის ბინათმფლობელობის სამმართველოს კუთვნილი მრგვალი, გერბიანი ბეჭედი, რაც პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ჩხრეკის დროს განსასჯელის საცხოვრებელი ბინიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ნ. კ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, ხოლო საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენება.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

4. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც ნ. კ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება და მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელების ისეთი სახე და ზომა, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2013 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2013 წლის 18 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), ასევე – სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2013 წლის 18 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებულ სანქციათა ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მათი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა (მათ შორის – დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ საბოლოო სასჯელზე) და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

8. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი